საავტომობილო გზების დეპარტამენტი გურამ ვახტანგიშვილსა და კახა კუკავას ეხმაურება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გურამ ვახტანგიშვილსა და კახა კუკავას ეხმაურება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ ვახტანგიშვილისა და "თავისუფალი საქართველოს" ლიდერის, კახა კუკავას ერთობლივი განცხადება საზოგადოების დეზინფორმირებისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მიმართ არსებული კითხვებისაგან თავის აცილების მცდელობაა, - ამის შესახებ ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საავტომობილო გზების დეპარტამენტში რეორგანიზაციის პროცესი დასრულებულია, შესაბამისად, თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებს ან მათთვის განცხადების დაწერის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

"რაც შეეხება თავმჯდომარის მოადგილის, გურამ ვახტანგიშვილის თანამდებობიდან გადადგომის პერსპექტივას, ეს მოლოდინი განცხადების ავტორს დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარის მიერ განხორციელებული საგზაო პროექტების მონიტორინგის შედეგებმა და ვახტანგიშვილის საკურატორო სფეროში არსებულმა რეალობამ გაუჩინა. კერძოდ, გურამ ვახტანგიშვილი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, საავტომობილო გზების ადმინისტრირებისა და საავტომობილო გზების ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამსახურებს კურირებს. აღნიშნული სამსახურები საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისა და მონიტორინგის, აგრეთვე, საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხო მოძრაობის სხვა ღონისძიებების გატარების სამუშაოებს ახორციელებენ.

დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი, თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროექტების მონიტორინგის მიზნით, ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, პრაქტიკულად, ყოველდღიურად იმყოფება, რის შესახებაც დეპარტამენტი საინფორმაციო საშუალებებით საზოგადოებას ინფორმაციას აქტიურად აცნობს.

აღნიშნული მონიტორინგის შედეგების ანალიზმა ცხადჰყო, რომ გზების მოვლა-შენახვის კუთხით არსებობს პროექტებით გათვალისწინებულ სამუშაოებთან შეუსაბამო ხარვეზები. ასევე, გამოიკვეთა სხვადასხვა პირთა მხრიდან მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების, სამსახურეობრივი გულგრილობისა და სხვა სახის დარღვევები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც უახლოეს მომავალში საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება.
სწორედ, გამოვლენილ დარღვევებზე დეპარტამენტის თავმჯდომარის სიტყვიერ რეაგირებას მოჰყვა გურამ ვახტანგიშვილის მხრიდან თავდასხმის პოზიციიდან, წინსწრებით, ცრუ ინფორმაციის შემცველი განცხადების გავრცელება",-აღნიშნულია განცხადებაში.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ ვახტანგიშვილი ხელმძღვანელს უპირისპირდება. როგორც გურამ ვახტანგიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაახლოებით ორი თვის წინ იურისტი დავით შავლიაშვილი დაინიშნა, რომელმაც თანამშრომლებს თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა მოსთხოვა. გურამ ვახტანგიშვილთან ერთად დღეს ამ საკითხე ბრიფინგი პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ კახა კუკავამ გამართა. მისი თქმით, ეს არის უკანონობა და შავლიაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული თანამდებობიდან.