კახა კახიშვილი – უკანონო მასალები პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და ჟურნალისტების ცხოვრების პიკანტურ მომენტებს შეიცავს

კახა კახიშვილი – უკანონო მასალები პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და ჟურნალისტების ცხოვრების პიკანტურ მომენტებს შეიცავს

შს სამინისტროში უკანონოდ გადაღებული 12 888 ფაილი ინახება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომიისის ერთ-ერთმა წევრმა კახა კახიშვილმა განუცხადა.

მისივე განმარატებით, აღნიშნულ მასალებში ასახულია პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და ჟურნალისტების პირადი ცხოვრება.

"საქმე გვაქვს დანაშაულის ძალიან დიდ მასშტაბებთან, არსებობს 12 888 ფაილი, რომელიც ასახავს პოლიტიკოსების, დიპლომატების და ჟურნალისტების ცხოვრებას, არა მხოლოდ პირადი ცხოვრების იმ ნაწილს, რომელიც პიკანტურ მომენტებს შეიცავს, არამედ საქმიან სამუშაო დეტალებსაც", - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, კახიშვილი ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ შეფასებასაც გამოეხაურა და ქვეყნის პირველი პირი "თეატრალური წარმოდგენის დადგმაში" დაადანაშაულა.

"პრეზიდენტი გუშინ გამოვიდა და თეატრალური წარმოდგენა დადგა. იგი აცხადებს, რომ არ იცნობდა ახალაიას, არ იცნობდა ქარდავას, ნელ-ნელა ამნეზია ემართება და ვეღარავის ვეღარ ცნობს. მისი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ის მასშტაბური დანაშაული, რაც 13 000-მდე უკანონოდ მოპოვებულ ჩანაწერებს მოიცავს მხოლოდ ორი ადამიანის მიერ არის გაკეთებული, არასერიოზული და სასაცილოა" - დასძინა კახიშვილმა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ქარდავა, რომლის მიერ ჩადენილ დანაშაულზეც პრეზიდენტი აპელირებს, კუდი-ს უფროსად 2012 წელს დაინიშნა, მაშინ როცა უკანონო ჩანაწერები 2004 წლიდან არის გადაღებული.

"ეს ყველაფერი უნდა იცოდეს საზოგადოებამ. სწორედ ამიტომ კომისიის დღევანდელ სხდომაზე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დამატებითი შეხვედრები გავმართოთ დიპლომატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებთან და იმ პოლიტიკური პარტიების წევრებთან, რომელთა მიმართაც ფარული თვალთვალი ხორციელდებოდა", - დასძინა კახიშვილმა.

გარდა ამისა, კახიშვილი პრეზიდენტს ურჩევს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში მივიდეს და ჩვენება მისცეს,
"პრეზიდენტი იმიტომ არაა პრეზიდენტი, რომ მხოლოდ ილაპარაკოს. თუ ის თვლის, რომ საზარელი რამ მოხდა და ამტკიცებს, რომ ამის შესახებ არ იცოდა, მაშინ მივიდეს პროკურატურაში და ჩვენება მისცეს. თქვას, რომ არ იცნობდა ჩხატარაშვილს, არ იცნობდა ქარდავას. თქვას ისიც, როგორ დააჯილდოვა ორივე ღირსების ორდენით და როგორ გადასცა ერთ-ერთ მათგანს 1 000 ჰა მიწა ერთ ლარად, იქნებ ეს ყველაფერი ჩვენებაში ასახოს", - განაცხადა კახიშვილმა.

შს სამინისტროში ფარულ ვიდეომასალებთან შექმნილი კომისიის სხდომა თითქმის 3 საათს მიმდინარეობდა.