"სისტემური დანაშაულის ჩადენა ზედა ეშელონების გარეშე შეუძლებელი იყო"

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, "სისტემური დანაშაულის ჩადენა ზედა ეშელონების გარეშე შეუძლებელი იყო, ამიტომ ერთ-ერთი დამნაშავე შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილია".

ამის შესახებ საყვარელიძემ "პირWელს" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა. ორივე მათგანის თქმით, დანაშაული სისტემური არ ყოფილა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ.

"რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის განცხადებას, არ მგონია, რომ მისი განცხადება გულახდილი იყოს, რადგან ჩანაწერებში საუბარი იყო, რომ ძალადობა ხორციელდებოდა იმისთვის, რომ ტერაქტთან დაკავშირებით აღიარებითი ჩვენება მოეპოვებინათ. აქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ტერაქტი იმდენად დიდი და სახელმწიფოებრივი საქმეა, რომ მისი აღკვეთის სცენარის შედგენა ზედა ეშელონების გარეშე ვერ მოხდებოდა. ასე, რომ მერაბიშვილი ერთ-ერთი დამნაშავეა. მე ვფიქრობ, მერაბიშვილი ამ განცხადებით უბრალოდ თავს იცავს. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, მან თქვა, რომ ვიღაც შემოეპარათ. თუ მართლა ასეა და ვიღაც შემოიპარა, გამოდის, რომ ქვეყნის მართვა არც ისე კარგად ხორციელდებოდა, თუ ასე არ იყო, გამოდის, სააკაშვილი საქმის კურსში იყო და ყველაფერი მისი ხელდასმით ხდებოდა. რაც შეეხება მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ალბათ, გამოძიება უნდა ჩატარდეს და ამ ყველაფერში თანამონაწილე ყველა პირი შესაბამისად, უნდა დაისაჯოს", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, ახალი ხელისუფლების ერთადერთი ქმედება ის უნდა იყოს, რომ ობიექტური გამოძიება ჩაატაროს და მერე სასამართლოს წინაშე აგებინოს პასუხი ყველა ადამიანს, ვინც აღნიშნულ სისტემურ დანაშაულში მონაწილეობდა.

"ალბათ, მხოლოდ პრეზიდენტის და პრემიერის დასჯაზე საუბარი არ იქნება საკმარისი. ჩვენ ვიქნებით მოწმენი იმისა, რომ გამოიკვეთებიან რიგითი ადამიანები, რომლებიც ამ სისტემურ დანაშაულს ამდიდრებდნენ. მათ შორის იქნებიან საამართალდამცველი სტრუქტურების ყველა დონეზე მომუშავე პირები, რომლებიც უშუალოდ ასრულებდნენ დაკვეთებს და ბრძანებებს. ამ ყველაფრის შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან ერთადერთ რამეს უნდა ველოდოთ. მათ უნდა ჩაატარონ გამოძიება და სასამართლოს წინაშე აგებინონ პასუხი ყველა ადამიანს, ვინც ამ სისტემური დანაშაულის მონაწილე იყო", - განაცხადა ექსპერტმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, თუ მისი მთავრობის დროს სადისტები და დამნაშავეები სამართალდამცველ სტრუქტურებში მოხვდნენ.

 

რაც შეეხება შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს, მისი თქმით, "თუ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, ეს ცალკული პიროვნებების თვითშემოქმედებას წარმოადგენს და სისტემური ხასიათი არ ჰქონდა".