გია ხუროშვილი ჯერ ვერ აკონკრეტებს, სად გაიმართება ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის სემინარი

გია ხუროშვილი ჯერ ვერ აკონკრეტებს, სად გაიმართება ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის სემინარი

საბურთალოს რაიონის გამგებელი გია ხუროშვილი არ აკონკრეტებს, სად გაიმართება სემინარი ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის. როგორც გია ხუროშვილმა
"ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ტენდერი გამოცხადებულია და ვინც დააკმაყოფილებს პირობებს, ის გაიმარჯვებს.

"არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დააკმაყოფილებს ამ პირობებს. არ გამოვრიცხავ, სემინარი იყოს ანტალიაშიც. შეზღუდვა, თუ სად ჩატარდება სემინარი, არ არის ტენდერის წესი. ტენდერის პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ და შესაბამისად, ვინც დააკმაყოფილებს ამ პირობებს, იქნება ეს ჩაქვის "ოაზისი", "ბაზალეთის კომპლექსი", თუ ნებისმიერი სხვა, იქნება გამარჯვებული", - აცხადებს ხუროშვილი.
გამგებლის განცხადებით, სემინარი ქალაქგარეთ იგეგმება, რადგან ამხანაგობების თავმჯდომარეები სემინარზე მეტად კონცენტრირებული იქნებიან.

"თბილისში როდესაც ხდება ამ ტიპის სემინარების გამართვა, ადამიანები მოდიან შემოვლის წესით, ანუ შემოირბენენ და ნახევარ სემინარსაც არ ესწრებიან, ისევ სახლში მიდიან. ამიტომ არის მიზანშეწონილი, რომ სემინარი ქალაქიდან მოშორებით იყოს, რადგან ასეთ შეთხვევაში, მთლიანად კონცენტრირებულია ადამიანი იმ სამუშაოებზე, რომელსაც სემინარი მიზნად ისახავს", - განმარტავს ხუროშვილი.

მისივე თქმით, გამგეობამ სემინარში მონაწილეობა საბურთალოს რაიონის ყველა ამხანაგობის თავმჯდომარეს შესთავაზა, თუმცა სურვილი მხოლოდ 300-მა გამოთქვა.
"არანაირი შერჩევითი წაყვანა არ ხდება. პრინციპი იყო ძალიან მარტივი. დავუკავშირდით ყველას, 814 ამხანაგობის თავმჯდომარეს და ვინც გამოთქვა სურვილი და განცხადება დაწერა, ყველა მიგვყავს",- აცხდებს ხუროშვილი.

გამგებელის თქმით, აღნიშნული პროექტი შეთანხმებული იყო საკრებულოში ინტერფრაქციულ ჯგუფთან, სადაც საკითხი დაისვა, რომ საჭირო იყო ამხანაგობების თავმჯდომარეების კვალიფიკაციის ამაღლება.

"ტრენინგი ითვალისწინებს რამდენიმე მიზანს. მათ შორის დასაგეგმია 2014 წლის ბიუჯეტი. ამხანაგობების თავმჯდომარეების მოუმზადებლობის გამო ავარიული სახლების შესაკეთებლად გამოყოფილი თანხების ათვისებაც ვერ ხდება, იმიტომ, რომ ამხანაგობების თავმჯდომარეები სათანადო კოორდინაციას ვერ უწევენ ამ პროექტის განხორციელებას", - აცხადებს ხუროშვილი.
საბურთალოს რაიონის გამგეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის სემინარ-ტრენინგის ჩასატარებლად 180 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

შესაბამისი სატენდერო განცხადება კონკურენცისა და შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სატენდერო განცხადების მიხედვით სემინარ-ტრენინგში მონაწილეობა 300 პირმა უნდა მიიღოს.
სატენდერო განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის სად უნდა გაიმართოს სემინარი, თუმცა როგორც "ინტერპრესნიუსისათვის" ცნობილი გახდა, საბურთალოს გამგეობა სემინარის ჩატარებას თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში გეგმავს და ამის შესახებ ამხანაგობების თავმჯდომარეები უკვე ინფორმირებული არიან.

"ინტერპრესნიუსისათვის ასევე ცნობილი გახდა, რომ გამგეობა თავმჯდომარეების წაყვანას შერჩევით ახორციელებს და მხოლოდ იმ ამხანაგობების თავმჯდომარეების წაყვანას აპირებს, რომლებიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები არიან.