მიხეილ სააკაშვილი: ყოველთვის შეიძლება შეიპარონ სადისტები და მოძალადეები

მიხეილ სააკაშვილი: ყოველთვის შეიძლება შეიპარონ სადისტები და მოძალადეები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო დროს გავრცელებულ ფირებში, თუ ეს ფირები, რა თქმა უნდა, სიმართლეს შეესაბამება, არის ასახული ძალიან მძიმე დანაშაული და რა თქმა უნდა ამ დანაშაულის ჩამდენები უმკაცრესად უნდა დასაჯონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო ვიდეომიმართავში განაცხადა. 

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის ამაზრზენი, ბოლომდე დასაგმობი, კარგად გამოსაძიებელი და გამოსაკვლევი. "ჩვენ მარსზე არ ვცხოვრობთ. ბოლო წლებში ძალიან ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველოს პოლიციაში აღარ ყოფილიყო ის, რაც მანამდე იყო ჩვეულებრივი მოვლენა - ადამიანის ტანჯვა, წამება, ფულის აღება, დანაშაულის დაბრალება, ძალდატანებით აღიარების მიღება.

ჩვენი ხალხი ცხოვრობდა საქართველოში და ყველამ იცით, რომ ბოლო წლებში პოლიცია ძალიან შეიცვალა და ეჭვს არ იწვევეს, რომ იქ სიტუაცია იყო მთლიანობაში ძალიან გაუმჯობესებული.

მაგრამ, ყოველთვის შეიძლება წარმოიქმნას უბედურების და საზიზღრობის კუნძული. ყოველთვის შეიძლება შეიპარონ სადისტები და მოძალადეები. რა თქმა უნდა ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთები შეიპარნენ ჩემი მთავრობის დროს. ამიტომ, ძალიან კონკრეტული მიდგომა უნდა იყოს ამ ხალხის მიმართ. მათ ხელი არ უნდა დააფარონ",-განაცხადა სააკაშვილმა.