არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრა შს სამინისტროში, მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან უკვე დაიწყო. თუმცა, ჯერ უცნობია, მოუწევთ თუ არა მათ სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალის ნახვა, რადგან შეხვედრის ზოგიერთი მონაწილე ვიდეოს ნახვის წინააღმდეგია.
ამასთან, როგორც შეხვედრის დაწყებამდე ითქვა, მედიის წარმომადგენლები შს მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე ელოდებიან ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის დანაშაულზეა საუბარი სამეგრელოში აღმოჩენილ ჩანაწერებთან მიმართებაში და არის თუ არა ის სისტემური ხასიათის.
"მე არ ველოდები, რომ ვიღაცის გაუპატიურების კადრებს მაჩვენებენ. მე არ მოვსულვარ აქ, რათა ადამიანების წამების ამსახველი მასალა ვნახო. ველოდები, რომ მივიღებთ ინფორმაციას, რა ტიპის დანაშაულზეა საუბარი, რომ ჩვენ შემდეგ ჭორებზე დაყრდნობით არ გავავრცელოთ ინფორმაციები. მე მაქვს სურვილი, ვიცოდე რა ხდება სინამდვილეში, არის ეს სისტემური დანაშაული, თუ რამდენიმე სადისტის გადაწყვეტილებაზეა საუბარი", - განაცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე "მედია პალიტრის" ჟურნალისტმა, გადაცემა "რეზიუმის" წამყვანმა მერაბ მეტრეველმა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით კი, ვიდეომასალებთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი არსებობს და ეს ინტერესი აქვს მის ტელეკომპანიასაც.
"მე ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან არაფერი მინახავს, მაგრამ ბუნებრივია ინტერესი არსებობს და ეს ინტერესი აქვს ჩვენს არხსაც. ვნახავთ ამ ყველაფერს და მერე ვისაუბრებთ. ჯერ ვიცით, რომ უნდა მოხდეს რაღაცის დემონსტრირება, მაგრამ რისი, ეს ჩემთვის ცნობილი არაა", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
შეხვედრას მედიისა და არასამთავრობო სექტორის თითქმის 100-მდე წარმომადგენელი ესწრება.