ჯოზეფ ქეი გიგი უგულავას ცილისწამებისათვის სასამართლოში უჩივის

ჯოზეფ ქეი გიგი უგულავას ცილისწამებისათვის სასამართლოში უჩივის

ბიზნესმენი ჯოზეფ ქეი თბილისის მერს გიგი უგულავას ცილისწამებისათვის სასამართლოში უჩივის.

ამის შესახებ ჯოზეფ ქეს ღია წერილშია საუბარი, რომელსაც ბიზნესმენი სათაურით "გიგი უგულავას და მის მსგავსებს!" ავრცელებს.

"ჩემი ღირსებისთვის, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელია შენს გამოხტომებზე რეაგირება. მაგრამ შენ დღეს სამწუხაროდ, ჩემი ქალაქის მერი ხარ! მხოლოდ ამ თანამდებობის პატივისცემის გამო მინდა, ერთი ყველასთვის ცნობილი (გარდა თქვენი კრიმინალური დაჯგუფებისა) ფაქტი გაგიმხილო. 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველო თქვენი ტერორისგან განთავისუფლდა!

"ჯოკერი," "ოქროს მოწმე", - ეს თქვენი დაჯგუფების ტერმინოლოგიაა? სათქმელი მეც და საქართველოს ბევრ მოქალაქესაც კიდევ ბევრი გვაქვს. თუმცა რა საჭიროა? თქვენი ქმედება ხომ ყველა სიტუაციაში გაჭრილი ვაშლივით ერთმანეთს ჰგავს. დიდი გამომგონებლობით არ გამოირჩეოდით, დღეს თქვენს წინააღმდეგ მთელი საქართველო "ჯოკერი" და "ოქროს მოწმეა!"

საქართველოს მოქალაქეები და მთელი საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს თქვენს ნამდვილ სახეს, როცა 2011 წლის 6 ივლისის "ტელეიმედთან" დაკავშირებულ შეთანხმებას აეხდება ფარდა, რომლის ძალითაც ჩემი რუსთავის მეტალურგიული ქარხანა სხვას გადაეცით. აი, ეს იქნება თქვენს წინააღმდეგ ჯოკერიც, შახიც და მატიც!

ჩემი ცილისწამებისთვის ვინც ბოდიში არ მოიხადა, მალე სასამართლოს წინაშე წარსდგება. შენგან ბოდიშის მოხდასაც არ მივიღებ, ჩემს იურისტებს დავავალებ გიგი უგულავას წინააღმდეგაც შეიტანონ სარჩელი", - ნათქვამია წერილში.