პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წალკიდან ბათუმში დაბრუნებულ ეკომიგრანტებს დახმარებას შეპირდა. როგორც ეკომიგრანტმა მევლუდ ვაშაყმაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა , პრემიერ-მინისტრმა ეკომიგრანტებს პრობლემის მოგვარებას 10 დღის ვადაში დაპირდა.
"პრემიერმა გვითხრა, რომ კომისია სწავლობს პრობლემას და დასკვნას დადებს, თუ რა უნდა გაკეთდეს. ბერძნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. აჭარაში იქნება, თუ წალკაში სახლებით დაკმაყოფილებას დაგვპირდა. იმედი გვაქვს, რომ აღარ ვიქნებით ღია ცის ქვეშ", - აღნიშნა მევლუდ ვაშაყმაძემ.
წალკიდან ეკომიგრანტები 34 დღის წინ დაბრუნდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, სახლებიდან ბერძენმა მეპატრონეებმა გამოასახლეს. ეკომიგრანტები აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ კარვებსა და სამარშრუტო ტაქსებში ცხოვრობენ.
ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ხვდება.