საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის ინფორმაციით, შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ 18 წლის ახალგაზრდა დაჭრა.
როგორც ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე გივი თარგამაძემ განაცხადა, 26 მაისს, 22:00 საათზე, დავით გელაძე, მთვრალ მდგომარეობაში გადაჭარბებული სისწრაფით მართავდა საკუთარ ავტომობილს.
თარგამაძის განცხადებით, მან ძალიან სწრაფად ჩაუქროლა 18 წლის ახალგაზრდა გიგი სვანს.
"მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა აღშფოთება გამოხატა, გელაძემ გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და ახალგაზრდასთან შევიდა კონფლიქტში. გამომდინარე თავისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან, კარგად იცოდა, რომ ცენტრალურ გამზირზე მრავლად არის განლაგებული სათვალთვალო კამერები, გაიყვანა ახალგაზრდა ყიფშიძის ქუჩაზე, სადაც თავზე დაადო იარაღი და გაისროლა. საბედნიეროდ, გასროლამდე ბოლო მომენტში მოზარდმა მოასწრო მოძრაობა და შესაბამისად, მას ტყვია მოხვდა არა თავში, არამედ მხარში. დაზიანება იყო საკმაოდ მძიმე. გიგი სვანი, დაახლოებით 22:30 საათზე, რესპუბლიკური საავამდყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში მიიყვანეს. მას ჩაუტარდა ერთი ოპერაცია, საჭიროებს მეორე ოპერაციას, თუმცა ამის შემდეგაც არსებობს დაინვალიდების საშიშროება",- განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, ისინი მაქსიმალურად ერიდებოდნენ გამოძიების მსვლელობაში ჩარევას და არ სურდათ რეგირება "ყურმოკრული ამბის შესახებ".
"დღეს აშკარაა, რომ გამოძიება ადგილიდან არ იძვრის. მეტიც, გამოჩნდა დაზარალებული ბებიის ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს, რომ შსს ცდილობს კვალის დაფარვას, მათ შორის საავადმყოფოში. თავს მოვალედ ვთვლით, ჩავერიოთ და მოვახდინოთ საზოგადოების, მედიის და შესაბამისის სტუქტურების ინფორმირება",-განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ინციდენტი თბილისის ცენტრალურ გამზირზე დაიწყო, სადაც მრავლადაა სათვალთვალო კამერები, შეუძლებელია არ იკვეთებოდეს ეჭვმიტანილი. თუ მონაცემები წაშლილია, აუცილებლად უნდა დაისვას შსს-ს შესაბამისი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში გიგი სვანის ავადმყოფობის ისტორიას ასაიდუმლოებენ და ამბობენ, რომ იგი არქივშია გადაცემული. როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ისტორია უნდა იქნას გამოთხოვილი არქივიდან, ხოლო თუ ის განადგურებულია, ამ შემთხვევაშიც უნდა დაისვას შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
"შსს-ს პრესსპიკერი ნინო გიორგობიანი თავდაპირველად აცხადებდა, რომ დავით გელაძე საერთოდ არ მუშაობს შსს-ს ორგანოებში. გელაძის მიერ წელს შევსებული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, სადაც სამუშაო ადგილად სწორედ შსს არის მითითებული, გიორგობიანმა განაცხადა, რომ გელაძემ სამსახური საკუთარი პატაკით 1 ან 2 კვირის წინ დატოვა. დანაშაული მომხდარია დაახლოებით 3 კვირის წინ. შესაბამისად, ამ მომენტისთვის გელაძე იკავებდა შსს კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსის თანამდებობას", -აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, არსებობს სარწმუნო ინფორმაცია, რომ გიგი სვანის ოპერაციის საფასური დავით გელაძის მეგობარმა გადაიხადა და იგივე პიროვნება აპირებს მეორე ოპერაციის თანხის გადახდასაც.
"გამომდინარე იქედან, რომ დავით გელაძე არის შს კრიმინალური პოლიციის უფროსის დავით ბედიას ძველი თანამშრომელი და მეგობარი, მარჯვენა ხელი და დე-ფაქტო მოადგილე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ თავად დავით ბედია არის ოდიოზური სოსო ალავიძის დეიდაშვილი, ხოლო შს მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე ალავიძეს მარჯვენმა ხელია, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ შსს-ს უმაღლეს ხელმძღვანელობაში კარგად ორგანზიებული დანაშაულებრივი კლანი მოქმედებს", - დასძინა თარგამაძემ.