მმართველი უმრავლესობა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის 3/4-იან კვორუმს აუქმებს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი შევიდა.
საუბარია გასული წლის დასაწყისში, წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციურ ნორმაზე, რომელიც ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის. ამ ცვლილების თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას პარლამენტი ორ თანამიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს და მიიღეს სრული შემადგენლობის 3/4-ით ანუ საუბარია 113 ხმაზე. ასევე რთულდება და იზრდება ქვორუმი, რომელიც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სჭირდება.
პარლამენტში დღეს ინიცირებული საკონსტიტიციო ცვლილების თანახამად, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ასამოქმედებელი ეს ნორმები უქმდება.
"აუცილებელია კონსტიტუციის გადასინჯვის ამჟამად მოქმედი წესის შენარჩუნება, რაც ხელს შეუწყობს კონსტიტუციის ახალი რედაქციის დროულად მიღებას. ასევე მნიშვნელოვანია კონსტიტუციურ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის ამჟამად მოქმედი კვორუმის შენარჩუნება", - აცხადებენ საკონსტიტუციო ინიციატივის ავტორები.
საკონსტიტუციო პროექტს ხელს 79 დეპუტატი აწერს.
დღეს პარლამეტში ცალკე პროექტად კიდევ ერთი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტირდა, რომლის საფუძველზეც უქმდება საკონსტიტუციო ნორმა, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს სამი უმაღლესი თანამდებობის - პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებას უკრძალავს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს, მას შემდეგ რაც პოლიტიკიაში ჩართულმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, კონსტიტუციაში "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივითა და ყოფილი სახელისუფლო გუნდის მხარდაჭერით უპრეცედენტო ნორმა ჩაიდო. კერძოდ, დღეს ქვეყნის უმაღლესი კანონი ამბობს, რომ 2014 წლის 1 იანვრამდე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. სწორედ ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომელიც ორმაგ მოქალაქეებს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლებას უზღუდავს და რომელსაც მმართველი გუნდი, დღეს ინიცირებული პროექტით, საერთოდ აუქმებს.