ავიაკომპანია "თუშეთის" დირექტორის, ზაურ ქორთოშიძის განცხადებით, ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებულ მიკაილ კადიევს მის სახლში არასოდეს არ უცხოვრია და მასთან შორეული ნაცნობობა აკავშირებდა , – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქორთოშიძემ განუცხადა, რომელიც აცხადებს, რომ მედიისა და შს სამინისტროს მეშვეობით დეზინფორმაცია ვრცელდება.
ამასთან, ზაურ ქორთოშიძე ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრო ბარნოვის განცხადებას, თითქოს ქორთოშიძე წარმოშობით ქისტია.
როგორც ზაურ ქორთოშიძემ აღნიშნა, იგი ქისტი არ არის, მამამისი წარმოშობით დაღესტნელია, ექვსი წლიდან საქართველოში იზრდებოდა, თავად ზაურ ქორთოშიძე და მისი ძმები საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდნენ, შესაბამისად ქართული ტრადიციებით ცხოვრობენ.
ავიაკომპანია "თუშეთის" დირექტორის განცხადებით, მიქაელ კადიევი მამამისის დაღესტნელი ახლობლის შვილია და პირველად 2011 წელს შეხვდა.
"მამაჩემს დაღესტნიდან დაუკვაშრდა თავისი ახლობელი, რომელმაც უთხრა, რომ ახლობლის შვილი, რომელიც სპორტსმენია და თბილისში ვარჯიშობს, ბინას ეძებს და დახმარებოდა. მამაჩემმა მითხრა ამის შესახებ და მისი თხოვნით გადავწყვიტე დავხმარებოდი. 2011 წელს ჩემი შვილი, რომელიც ასევე მფრინავია, იმყოფებოდა საზღვარგარეთ. ,ასაც მოვუყევი მამაჩემის თხოვნის შესახებ და მითხრა, რომ სანამ ჩამოვიდოდი, მის სახლში შემეშვა, შემდეგ კი ბინა მოგვეძებნა. სწორედ აქედან გამომდინარე, 3 კვირის განმავლობაში კადიევი ჩემი შვილის ბინაში ცხოვრობდა ჩიტაიას ქუჩაზე, რის შემდეგაც სხვა ბინაში გადავიდა. არასწორია ინფორმაცია, თითქოს კადიევი ჩემს სახლში ცხოვრობდა, მას მხოლოდ სამჯერ ვარ შეხვედრილი, ისიც დახმარების მიზნით. მამაჩემის ახლობლის ახლობელმა ასევე გვთხოვა, რომ სანამ მისი შვილი მოეწყობოდა, თანხით დავხმარებოდი და 150 დოლარი მიმეცა. ერთხელ ამ მიზნით შევხვდი, მეორედ ჩემი შვილის სახლში, ხოლო ბინა მას ჩემმა მძღოლმა 2012 წლის ბოლოს ან 2013 წლის დასაწყისში აშოვნინა. ჩემს მძღოლს იგი თავად დაუკავშირდა და შავი ზღვის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში გადავდა საცხოვრებლად", - განაცხადა ზაურ ქორთოშიძემ.
მისი თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს არც ის ინფორმაცია, რომ კადიევი მის ბინაში დააკავეს და ასაფეთქებელი ნივთიერებებიც იქიდან ამოიღეს. ზაურ ქორთოშიძის განმარტებით, როგორც აქვს ინფორმაცია, ასაფეთქებელი ნივთიერებები და საბრძოლო მასალა სწორედ კადიევის ნაქირავები ბინიდან ამოიღეს, რომელიც შავი ზღვის ქუჩაზეა განთავსებული.
ამასთან, ზაურ ქორთოშიძე კადიევთან საუბარს იხსენებს. როგორც ის ამბობს, როდესაც თავისი შვილის ბინაში რამდენიმე დღით დააბინავა, ერთხელ შეხვდა მას.
"როდესაც შევხვდი მომესალმა და ქრისტიანულ რელიგიაზე დამიწყო საუბარი. მითხრა, რომ ვაკეში კლუბ "ფალავანში" ვარჯიშობდა და ამის შემდეგ იგი ჩადიოდა მეცხრე საავადმყოფოსთან არსებულ ეკლესიაში, სადაც ვინმე მამა გიორგის ბევრს ესაუბრებოდა", - განაცხადა ზაურ ქორთოშიძემ.
ამასთან, ავიაკომპანია "თუშეთის" დირექტორი აცხადებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა.
"ჩემი და სააკაშვილის დაკავშირება არასწორია. მე არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ შევარდნაძის, პატიაშვილის და ძალიან ბევრის მფრინავი ვიყავი. მე არ ვემსახურები სააკაშვილს, მე ვემსახურები საქართველოს", - განაცხადა ზაურ ქორთოშიძემ.
ზაურ ქორთოშიძის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში საერთოდ არ უნახავს მიკაელ კადიევი, რომელიც მას 2011 წელს სახელით - მიკით გაეცნო, ხოლო ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებულ ომაროვის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და მასთან არანაირი შეხება არასდროს არ ქონია. ქორთოშიძე გაკვირვებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი კადიევი ძებნილი და დამნაშავე იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში როგორ გადაადგილდებოდა თბილისში და როგორ გადიოდა და შემოდიოდა ქვეყანაში.
"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი ოჯახიდან ასაფეთქებელი ნივთიერება არ ამოუღიათ და კადიევს ჩემს სახლში და ჩემი ძმის სახლში არასდროს უცხოვრია. აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს, როცა ამაზეა საუბარი, სად აიყვანეს და სად ამოიღეს ასაფეთქებელი ნივთიერებები", - განაცხადა ზაურ ქორთოშიძემ.
საქართველოს შს სამინისტროში გუშინ "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ შსს-ს მიერ ტერაქტის მზადებისთვის დაკავებული მიკაელ კადიევი საქართველოს პრეზიდენტის მფრინავის, ზაურ ქორთოშიძის სახლში ცხოვრობდა.