იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოსახლეობას ახალ შრომის კოდექსს ულოცავს.
როგორც წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებს ახალი შრომის კოდექსის შეფასებისას განუცხადა, ენით აუწერელი შროის მიუხედავად, ეს 2 ოქტომბრის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული პროცესი იყო, რადგან მწვავე აზრთა ჭიდილი არსებობდა, პროფკავშირებს, ბიზნესს, მთავრობასა და პარლამენტს შორის.
"საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ გაცილებით უკეთესი ტექსტი, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" კოდექსია. ჩვენ მივეცით მინიმალური დაცვის გარანტიები დასაქმებულებს, მათ შორის პირველ რიგში, მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ", - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, უკვე მომავალი მიზანია, შრომით უფლებებში ქალთა უფლებების დაცვა.
"რა თქმა უნდა, ეს იყო რეფორმის პირველი ეტაპი და იყო ყოველ ნაბიჯზე კომპრომისების შედეგი. ამაზე დიდი ენერგია და ნერვები დაიხარჯა, მაგრამ ბრძოლა ბრძოლად ღირდა, რადგან დღეს ჩვენ გვაქვს მინიმუმი გარანტიები და ნელ-ნელა შემიძლია, იმედი ვიქონიო, რომ ჩვენ წლებთან ერთად შრომით ურთიერთობებში უკვე შევქმენით საფუძველი, რომ ცივილიზებულ ქვეყანას დავემსგავსოთ", - განაცხადა წულუკიანმა.