ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობების დაკავება შეეძლება.
შესაბამისი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში შედის, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად, "საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა".
ცვლილებების თანახმად კი, საქართველოს კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იქნეს კონსტიტუციის 29-წე მუხლის 1 პრიმა პუნქტი, სადაც სწორედ ეს ჩანაწერი არსებობს.
ცვლილებების მომზადება განპირობებულია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა და პარლამენტის თავმჯდომარის, მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის, უთანასწორო უფლებრივი მდგომარეობით, რაც გამოწვეულია მათი განსხვავებული მოქალაქეობრივი სტატუსით.
ამჟამად მოქმედი რედაქციით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, თუნდაც მას ჰქონდეს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაც, ოღონდ, ორმაგი მოქალაქეოების მქონე დეპუტატი პარლამენგტის თავმჯდომარედ ვეღარ აირჩევა. ასევე მინისტრად შეიძლება დაინიშნოს ორმაგი მოქალაქეობის პირი, მაგრამ ასეთი პირი პრემიერ-მინისტრად ვერ დაინიშნება. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ვერც საქართველოს პრეზიდენტად აირჩევა.
კანონპროექტის მიზანია, ზემოთაღნიშნული უთანასწორობის აღმოფხვრა, სახელდობრ, სახელმწიფო-პოლიტიკური ტანამდებობის დასაკავებლად მოქალაქეობის ერთნაირი ცენზის დადგენა.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის 80 დეპუტატია.