სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ილია მეორე ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველოლოგიურ კონფერენციას ესწრება, რომელიც სასწავლებელში თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დაარსების მე-13 წლისთავს ეძღვნება.
შეკრებილ საზოგადოებას მიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა. მან სასწავლო ცენტრის შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც პატრიარქს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა და ამის დამადასტურებელი სიგელიც გადასცა.
თეოლოგიის სამეცნიერ ცენტრის ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის თქმით, საქართველოს ეკლესია მუდამ იყო ერის პატრონი, რის გამოც ყოველთვის ებრძოდნენ ეკლესიას, ხოლო კომუნისტების დროს მისი ავტორიტეტი დაეცა.
მეუფე ანანიამ აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლში პატრიარქთან ერთად ყოფნისას მოწმე გახდა, როგორ იცავდა უწმინდესი აფხაზეთში ქართული ეკლესიის იურისდიქციის საკითხს მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის დროს.
მღვდელმთავრის განცხადებით, მათ ცენტრში აფხაზეთის ეპარქიის კუთვნილების საკითხს იკვლევენ. როგორც მეუფემ განმარტა, ცალკეულ პირებს მოჰყავთ ცრუ ისტორიული წყაროები, თითქოს VI-X საუკუნეებში აფხაზეთის ეკლესია კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში იყო. მეუფე ანანიას ინფორმაციით, ისინი სწავლობენ ბერძნულ, ლათინურ და სომხურ წყაროებს ამ საკითხის გასარკვევად, მაგრამ მსგავსი რამ ისტორიულ წყაროებში არ ფიქსირდება. "აფხაზეთის ეპარქია ყოველთვის იყო საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში", - აღნიშნა მეუფე ანანიამ.