ილიას სახელმწიფო უნივერისტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორები "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის შეწყვეტას მოითხოვენ.
როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორებმა: ნათია გაბრიჩიძემ, გიორგი გახელაძემ, ანა კირვალიძემ და აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესრომა თორნიკე ქოროღლიშვილმა დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათ ამ ეტაპზე არ აქვთ უმაღლესი აკადემიური ხარისხი – დოქტორის წოდება, რის გამოც, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ისინი არასახარბიელო მდგომარებაში ჩავარდებიან.
ასისტენტ-პროფესორები მოითხოვენ, რომ დაუყონებლივ შეწყდეს კანონპროექტის განხილვა და დაიწყოს აქტიური კონსულტაციები უნივერისტეტებთან.
ასისტენტ-პროფესორების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კანონი ძალაში შევა, ისინი სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. ანა კირვალიძის განცხადებით, კანონპროექტის ნეგატიურ შედეგებზე შეიძლება საუბარი ინსტიტუციონალური და პერსონალური კუთხითაც. მისივე თქმით, კანონი აჩენს საუნივერსიტეტო სისტემის დესტრუქციის რეალურ საფრთხეს, რადგან სისტემიდან უფუნქციოდ ტოვებს მნიშვნელოვან სეგმენტს, ასისტენტ პროფესორებს.
ასისტენტ-პროფესორების შეფასებით, კანონპროექტში შესატანი ცვლილება არ არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მყისიერად უნდა იქნას მიღებული. მათი თქმით, აუცილებელია დისკუსიის გაგრძელება, საკითხის ფართოდ განხილვა. მათივე განმარტებით, სახიფათო ტენდენციაა, როდესაც მნიშვნელოვანი საკითხები პოლიტიკური შუღლისა და ურთიერთმტრობის ფონზე განიხილება.