საპარლამენტო უმრავლესობა "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას დღეს შეეცდება.
როგორც ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის კომიტეტებმა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირეს.
უმრავლესობის წევრების თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი მთლიანობაში პროგრესულია და ცალსახად ზრდის დაცვის მხარის უფლებებს სისხლის სამართლის საქმეში.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის მიბრუნებული შენიშვნები ორ ძირითად საკითხს - კანონპროექტის რიგი მუხლების ძალაში შესვლის ვადებსა და დაცვის მხარესთან დაკავშირებულ უფლებებს ეხება.
პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ჩხრეკა-ამოღების თაობაზე დაცვის მხარისთვის მინიჭებულ უფლებასთან დაკავშირებული მუხლი 2014 წლის 1-ელი სექტემბრის ნაცვლად, ერთი წლით ადრე - მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდეს.
პრეზიდენტის კიდევ ერთი შენიშვნა მტკიცებულებათა საკითხს ეხება. კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, 2014 წლის 1 სექტემბრიდან უქმდება "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ჩადებული, დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება, რომლის თანახმადაც, დაცვის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას არ იწვევს.
პრეზიდენტი საკუთარ მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, რომ მან არასამთავრობო ორგანიზაციების და ადვოკატთა ასოციაციის მოსაზრებები გაითვალისწინა.