სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად მოქალაქეობის ერთნაირი ცენზი წესდება. შესაბამისი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში უნდა შევიდეს, რომლის ინიცირებაც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ცვლილებების მომზადება განპირობებულია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა, პარლამენტის თავმჯდომარის, მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის უთანასწორო უფლებრივი მდგომარეობით, რაც გამოწვეულია მათი განსხვავებული მოქალაქეობრივი სტატუსით.
კერძოდ, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, თუნდაც მას ჰქონდეს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაც, ოღონდ, ორმაგი მოქალაქოების მქონე დეპუტატი პარლამენგტის თავმჯდომარედ ვეღარ აირჩევა. ასევე, მინისტრად შეიძლება დაინიშნოს ორმაგი მოქალაქეობის პირი, მაგრამ ასეთი პირი პრემიერ-მინისტრად ვერ დაინიშნება. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ვერც საქართველოს პრეზიდენტად აირჩევა.
განარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად მოქალაქეობის ერთნაირი ცენზის დადგენა.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იქნეს კონსტიტუციის 29-წე მუხლის 1 პრიმა პუნქტი, რომლის თანახმად, "საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა".
ამ ცვლილების მიღების შემდეგ ზემოაღნიშნული თანამდებობის დაკავების უფლება ექნება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ორმაგი მოქალაქეობა.
საკონტიტუსციო ცვლილებებს 80 დეპუტატი აწერს ხელს.