გაეროს ოფიციალური ვებგვერდი რეზოლუციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გაეროს ოფიციალური ვებგვერდი რეზოლუციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გუშინ, 67-ე სესიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია აღიარებს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში - საქართველოში, მათ შორის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 

როგორც გაეროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რეზოლუციას მხარი დაუჭირა 62-მა ქვეყანამ, მოწინააღმდეგე იყო 16 ქვეყანა, 84-მა კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რეზოლუციის ტექსტში ასამბლეამ ასევე დაადასტურა, რომ იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებები მიუღებელია და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლებების პატივისცემა.

რეზოლუციის ტექსტში ასამბლეა ასევე მოუწოდებს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისკენ, ნდობის აღდგენის ვალდებულებისკენ და დაუყოვნებელი ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა უზურუნველყოფილ იქნას იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნებისთვის საჭირო პირობები და ადამიანთა უფლებები. გარდა ამისა, ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ამ მიზნების მიღწევისთვის საჭიროა გრაფიკის შემუშავება.

გაეროს ვებგვერდზე გავრცელებულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა, რომლის დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეზოლუციის ტექსტი "ერთობ პოლიტიზირებულია". მისივე განცხადებით, ტექსტი რეგიონში "ამჟამინდელი გეოპოლიტიკური რეალობის" გათვალისწინების გარეშეა მომზადებული.
როგორც გაეროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია.