პრეზიდენტი ეროვნული გმირებისთვის 15 ათას ლარიანი ფულადი პრემიის დაწესებას ითხოვს

პრეზიდენტი ეროვნული გმირებისთვის 15 ათას ლარიანი ფულადი პრემიის დაწესებას ითხოვს

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის გაუმჯობესების, ფულადი პრემიის ოდენობის გაზრდის და სახელმწიფო კომპენსაციის შემოღების საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. 

პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი "სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ" კანონში და ასევე "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

პროექტის თანახმად, ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებული პირებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემია 5 ათასი ლარით იზრდება და ნაცვლად 10 ათასი ლარისა, 15 ათასი ლარი ხდება. გარდა ამისა, ინიციატივის გათვალისწინებით, ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებული პირებისათვის და მათი ოჯახის წევრებისთვის შემოღებული იქნება სახელმწიფო კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით. ამასთან, დავით აღმაშენებლისა და ვახტანგ გორგასლის ორდებით დაჯილდოებულ პირთა მსგავსად, ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებული პირებიც ისარგებლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სახელმწიფო ხარჯზე სარგებლობის და სახელმწიფოს ხარჯზე ჯანმრთელობის დაზღვევის უფლებით.

რაც შეეხება "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, პრეზიდენტის ინიციატივის გათვალისწინებით, ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებული პირებისათვის და მათი ოჯახის წევრებისთვის შემოღებული იქნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც მინისტრისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით უნდა განისაზღვროს. ამასთან, დაჯილდოებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ან თუ პირი ჯილდოვდება სიკვდილის შემდეგ, სახელმწიფო კომპენსაცია პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებს მიეცემათ.

პროექტის თანახმად, თუ ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებული პირი იმავდროულად საჯარო სამსახურში მუშაობს, მას სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება არ შეუწყდება.