ავღანეთში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს დეპუტატებმა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს

ავღანეთში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს დეპუტატებმა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს

გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახის წევრებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიუსამძიმრეს. 

გორში, სამხედროების პანაშვიდზე იმყოფებიან უმარავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე, ასევე გუბაზ სანიკიძე და ანი მიროტაძე.

როგორც მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მძიმე დღეა დღეს, თუმცა გარდაცვლილების ოჯახებმა უნდა იცოდნენ რომ მათი შვილები შეეწირნენ ქვეყნის თავისუფლებას და ერთიანობას.

"ძალიან მძიმე დღეა, ჩვენი გმირები უნდა მივაბაროთ მიწას. ძნელია უთხრა რაიმე მათ ოჯახებს. მთელი საქართველო გლოვობს. მინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ ოჯახებს, ამ ოჯახებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შვილები შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და ერთიანობას. უნდა იამაყონ იმით რომ გმირი შვილები გაზარდეს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

გარდა ამისა, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ასევე მიუსამძიმრეს საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა.

როგორც ჟურნალისტებს ამერიკის საელჩოს თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა განუცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები მწუხარებას გამოთქვამს ქართველი სამხედროების გარდაცვალების გამო. ჰარტმანის თქმით, აშშ მადლობელია იმ ღვაწლისთვის, რომელსაც საქართველო ავღანეთში ავლენს.