ილია მეორე:   ადამიანის სული განწმენდის გარეშე ვერ ამაღლდება

ილია მეორე: ადამიანის სული განწმენდის გარეშე ვერ ამაღლდება

ადამიანის სული განწმენდის გარეშე სულიერად ვერ ამაღლდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა დღეს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. 

პატრიარქმა მთელ საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ უფალი თავისი წყალობით, სიყვარულით, მოწყალებით დღეს ჩვენთან არის; კაცობრიობა დღეს დიდ განსაცდელშია, მას სჭირდება წყალობა ღვთისა.

ილია მეორემ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ვუყურებთ წარსულს, აწმყოსა და მომავალს, ჩანს, თუ როგორი მორწმმუნეები იყვნენ ჩვენი წინაპრები და როგორი მორწმუნეები ვართ დღეს ჩვენ.
"როდესაც ჩვენ ვუყურებთ წარსულს, აწმყოსა და მომავალს, ვხედავთ როგორი მორწმუნეები იყვნენ ჩვენი წინაპრები და როგორი ვართ დღეს. მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ცივდება ადამიანი. ადამიანი არის ქმნილება ღვთისა და უფალი არ მოაკლებს წყალობას"- აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა წმინდა სახარებიდან გაიხსენა ადგილი, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ უფალმა ამაღლებამდე თავისი მოწაფეები აკურთხა და ისე ამაღლდა.

"დღეს ჩვენ ვიღებთ კურთხევას უფლისაგან, მაგრამ თუ სულიერად ვერ ამაღლდა ადამიანი, ვერ განიწმინდა ჩვენი სული, ვერ იქნება ჩვენი ამაღლება",- აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქმა დღესვე ორი სასულიერო პირი დააჯილდოვა. ყოვლადწმინდა სამებიდან უწმინდესი სოლოლაკში, ამღლების ტაძარეში წაბრძანდება, სადაც ტაძარ მოილოცა და მრევლი დალოცა.