დავით უსუფაშვილი:   საქართველო დემოკრატიის, სასამართლოებისა და თავისუფალი მედიის კულტურის ნაკლებობას განიცდის

დავით უსუფაშვილი: საქართველო დემოკრატიის, სასამართლოებისა და თავისუფალი მედიის კულტურის ნაკლებობას განიცდის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ხელისუფლება "შერჩევით სამართალს" მიმართავს. ამის შესახებ უსუფაშვილმა პოლონური გამოცემა Warsaw Business Journal-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

"როდესაც ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ათასობით საჩივარზე რეაგირებას დავიწყეთ, რომელთაც მექრთამეობაში, კორუფციასა და კერძო საკუთრების მითვისებაში ედებათ ბრალი, ოპოზიციამ მაშინვე წუწუნი და ისეთი ტერმინების გამოყენება დაიწყო, როგორებიც არის "შერჩევითი სამართალი" და "პოლიტიკური დევნა". სინამდვილეში კი, სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენლებს მილიონობით დოლარი ჰქონდათ საიდუმლო ანგარიშებზე. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები უხეშად აღრვევდნენ ადამიანის უფლებებს. როდესაც სააკაშვილს თავისი საპრეზიდენტო სასახლის აშენება იმ ადგილას მოუნდა, რომელსაც პარლამენტის წევრი ფლობდა, მიწის გადაცემა უფასოდ მოსთხოვეს. ვიღაც ნიღბიანებმა სასტიკად სცემეს ეს ადამიანი, რადგან მან მედიის საშუალებით განაცხადა, რომ მიწას ართმევდნენ", - აღნიშნა პოლონურ გამოცემასთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა.

"ჩვენ 1 მილიარდი გამოვყავით ბიუჯეტიდან ფერმერებისთვის სპეციალური ფონდების შესაქმნელად. სააკაშვილის დროს ეს თანხები მანიაკურ პროექტებზე იხარჯებოდა, ფერმერები ბედის ანაბარა იყვნენ დარჩენილი. გარდა ამისა, ჩვენ გვინდა, წავახალისოთ უცხოური ინვესტიციები, რომელთაც შეზღუდვები ჰქონდათ წინა ხელისუფლების დროს. მაგალითად, უცხოელ ინვესტორებს მთავრობა უთითებდა, სად აეშენებინათ ესა თუ ის სასტუმრო. სწორედ ამიტომ ბევრი პროექტი არ დასრულებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიქმნა სამუშაო ადგილები, ფული კი ტყუილად დაიხარჯა. ახალი ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს თავისუფლებას სთავაზობს. ჩვენ ასევე გვინდა განვავითაროთ ტურიზმის ინდუსტრია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პოლონურ გამოცემასთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო დემოკრატიის, დამოუკიდებელი ინსტიტუციების, სასამართლოებისა და თავისუფალი მედიის კულტურის ნაკლებობას განიცდის. "სწორედ ამიტომ ჩვემა ხელისუფლებამ მოიწვია უცხოელი დამკვირვებლები, რათა ნახონ როგორ მუშაობენ ჩვენი სასამართლოები, ინსტიტუციები და გავიზიარონ რჩევები მათ გასაუმჯობესებლად. მივესალმებით ყველა ექსპერტსა და დამკვირვებელს, რომელიც ჩვენი ქვეყნის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.