ირაკლი ალასანია გავრცელებულ ვიდეომასალებს ნატოს საწინააღმდეგო საინფორმაციო-ფსიქოლოგიური იერიშის ნაწილად მიიჩნევს

ირაკლი ალასანია გავრცელებულ ვიდეომასალებს ნატოს საწინააღმდეგო საინფორმაციო-ფსიქოლოგიური იერიშის ნაწილად მიიჩნევს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თალიბების სახელით საქართველოს შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეომასალებს ნატოსა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის საწინააღმდეგოდ წარმოებული ერთიანი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური იერიშის ნაწილად აფასებს.

როგორც ალასანიამ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, ამ საინფორმაციო პოლიტიკას საქართველოში გარკვეული ძალები ახალისებენ, რომელთა ვინაობაც უნდა დადგინდეს.

"თუ "ალქაიდა", ჩვენი მოწინააღმდეგე "თალიბანი" დაინახავს, რომ მათი თავდასხმების შემდეგ დაიწყო ცვლილებები ნატოს მისიაში, ეს იქნება კატასტროფული შედეგების მომტანი და გაასმაგდება თავდასხმები. მათი მიზანი და ამოცანაა, ის დაგეგმილი შემცირებები და ცვლილებები, რომელიც ნატოს აქვს 2014 წლის შემდეგ, გაასაღონ და გაყიდონ მათი თავდასხმების შედეგად. ახლა ეს მიმდინარეობს და ამ პოლიტიკაში "ალქაიდას" ტერორისტებს და "თალიბანს" ქართველებმა არ უნდა დაუჭირონ მხარი. ამას მივაბამდი ამ ვიდეომასალებს, სწორედ ამ ერთიანი საინფორმაციო ფსიქოლოგიური იერიშის ნაწილია ეს", - აღნიშნა ალასანიამ.

ამასთან, თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ვიდეომასალები და "ნიუ იორკ თაიმსში" დაბეჭდილი სტატია "შეიძლება ერთ წისქვილზე ასხამდეს წყალს". "ვინც ეს გააკეთა, ისაა საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგე და მტერი. სერიოზული გამოძიებაა ჩასატარებელი. სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ამ დანაშაულის ჩამდენი", - აღნიშნა ალასანიამ.