ირაკლი ალასანია - თავები დაგორდება ყველასი, ვინც ვერ იაზრებს, რა პასუხისმგებლობაა, როცა გაბარია ჯარის კვება და მომსახურება

ირაკლი ალასანია - თავები დაგორდება ყველასი, ვინც ვერ იაზრებს, რა პასუხისმგებლობაა, როცა გაბარია ჯარის კვება და მომსახურება

თავები დაგორდება ყველასი, ვინც ვერ იაზრებს, რა პასუხისმგებლობაა, როცა გაბარია ჯარის კვება და მომსახურება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში სამხედროების მოწამვლის ფაქტს მასშტაბური ხასიათი არ აქვს, ყველა პირი, ვინც ჯარისკაცების კვების უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი, გათავისუფლებულია.

"მივიღე გადაწყვეტილება და გავათავისუფლე ყველა, ვინც იყო დაკავებული კვების უსაფრთხოებით. ასევე, მთლიანად შეიცვლება ის მენეჯმენტი, რომელიც ახორციელებს ჩვენი შეიარაღებული ძალების კვებით უზრუნველყოფას. მინდა ნათლად განვაცხადო, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ყველა, ვინც უპასუხისმგებლოდ ეკიდება თავის მოვალეობას, იქნება სრული სიმკაცრით დასჯილი. თუკი გამოძიების დასრულების შემდეგ დამნაშავეები გამოიკვეთება, ჩემს მიერ იქნება უმკაცრესი ზომები მიღებული და ყველას თავები დაგორდება, ვინც ვერ იაზრებს, რა პასუხისმგებლობაა, როცა შენ გაბარია ჯარის კვება და ჯარის მომსახურება", - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, შეცვლილია შეიარაღებული ძალების კვებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. "ჩვენ შევცვალეთ გადაწყვეტილებები _ უნდა იყოს არანორმირებული კვება. სხვადასხვა პროცესის შედეგად დავინახეთ, რომ ნორმირებულ კვებაზე გადასვლა ჩვენთვის არ არის მიზანშეწონილი, ამიტომ მთლიანად შეიცვლება მიდგომა ქართული ჯარის კვების მიმართ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება იმას, რამდენადაა შესაძლებელი აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი ტენდერი გამოცხადდეს, ალასანიას თქმით, "ტენდერი შეიძლება მოგვიანებით ჩატარდეს".