"თუ ეს საკითხები არა, მაშინ რა შეიძლება, იყოს პრემიერისთვის მნიშვნელოვანი"

უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიასთვის გაუგებარია, "თუ ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებზე თავდასხმა და "თალიბების" სახელით გავრცელებული ვიდეო არა, მაშინ რა არის მნიშვნელოვანი პრემიერისთვის".

ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

დღევანდელი შეხვედრა მან უაღრესად სასარგებლოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ მან სამუშაო ატმოსფეროში ჩაიარა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო გენშტაბის წარმომადგენლებს, რომლებმაც დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდეს ამ თემაზე. ამასთან, მინდა, განსაკუთრებული მწუხარება გამოვხატო, რომ პრემიერმა უკვე მეორედ თქვა უარი მონაწილეობაზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რა ფორმითაც ეს მოხდა, პრემიერმა ამ საკითხზე ჯერ სატელევიზიო სპეკულაციები დაიწყო, შემდეგ მოიმიზეზა გრაფიკი და არ მოვიდა საოკუპაციო ხაზის გადმოწევის განხილვაზე. ახლა კი თქვა, რომ მისი აზრით, მნიშვნელოვანი არ არის ქართველ ჯარისკაცებზე თავდასხმა ავღანეთში და ამ ვიდეოს საკითხის გამოძიება, რათა გამოენახა დრო აქ მოსვლისთვის. ჩემთვის გაუგებარია, თუ ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხები, მაშინ რა შეიძლება, იყოს მისთვის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ბოკერიამ და მიუხედავად ამისა, იმედი გამოთქვა, რომ მომავალში პრემიერი სხდომებზე დასწრებას მოახერხებს.