პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატები:  ჯოზეფ კეის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა გარდაუვალი იქნება

პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატები: ჯოზეფ კეის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა გარდაუვალი იქნება

პატარკაციშვილის ოჯახის ადვაკატები განცხადებას ავრცელებენ:  "ჩვენი აზრით, შესაძლებელია ითქვას, რომ ჯოზეფ კეი არის ადამიანი, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებისთანავე გაყალბებული დოკუმენტებით სცადა ოჯახის ქონების ხელში ჩაგდება და ამას ის აკეთებდა ძველი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით. 

საზოგადოებას ახსოვს, 2008 წლიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში როგორ მოქმედებდნენ კეი და იმდროინდელი ხელისუფლება პატარკაციშვილის ოჯახის წინააღმდეგ, რის სანაცვლოდაც ამ ე.წ ბიზნესმენის გამოყენებით ხელისუფლება აკონტროლებდა ტელეკომპანია "იმედს" და იყენებდა მას პროპაგანდის იარაღად. ამასვე ადასტურებს ჯოზეფ კეიც თავისსავე განცხადებებში.

ჩვენთვის უცნობია მასსა და ყოფილი ხელისუფლების წევრებს შორის კიდევ სხვა რა ბინძურ გარიგებებს ჰქონდა ადგილი და ამ კითხვებს, ჩვენი ღრმა რწმენით, ობიექტური გამოძიება გასცემს პასუხს.

რაც შეეხება ჩვენსა და მთავრობას შორის მიღწეულ შეთანხმებას, საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ეს შეთანხმება შედგა პარიზის არბიტრაჟში სასამართლო დავის ფარგლებში და არა კეზერაშვილის ან უგულავას კაბინეტებში (როგორც ამას კეი აკეთებდა).

როგორც ჩანს, ჯოზეფ კეიმ ამჯერადაც გადაწყვიტა მოქმედ ხელისუფლებასთან იაფფასიანი მეთოდებით ქულების ჩაწერა და ამის სანაცვლოდ ცდილობს, კვლავ ხელში ჩაიგდოს პატარკაციშვილის ოჯახის ქონება, რაც ჩვენი ღრმა რწმენით მას არ გამოუვა. ამასთან, საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ჩვენ მოვიგეთ ყველა სასამართლო პროცესი, რომელიც საზღვარგარეთის სასამართლოებში მიმდინარეობდა კეის წინააღმდეგ, მაგრამ როგორც ჩანს, სამართლიანობის აღდგენა მოითხოვს მის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, რაც გარდაუვალი იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.