დავით ბაქრაძისთვის გაუგებარია, რატომ ხდება ელჩების თემის წამოწევა და უსაფრთხოების საკითხების გადაფარვა

დავით ბაქრაძისთვის გაუგებარია, რატომ ხდება ელჩების თემის წამოწევა და უსაფრთხოების საკითხების გადაფარვა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისთვის დავით ბაქრაძისთვის გაუგებარია, რატომ ხდება ელჩების თემის წამოწევა და უსაფრთხოების საკითხების გადაფარვა.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, არსებობს ერთი კონკრეტული საკითხი, რაც მოსახლეობას აღელევებს.

"არსებობს რაღაც პოლიტიკური ძალა, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ჩვენ მოსახლეობას, შეიარაღებულ ძალებს, ქვეყანას, ტერაქტების მოწყობით, აფეთქებით და მკვლელეობით ემუქრება. ამიტომ ბუნებრივია, ეს გახლავთ ის თემა, რომელზეც სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. ეს გახლავთ ის თემა, რომელზეც ჩვენ სახელმწიფო მოხელეები ვალდებული ვართ გვერდზე გადავდოთ ყველა სხვა საქმე, ერთად დავსხდეთ და გავაანალოზოთ, მოვიფიქროთ ზომები, როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების და ჯარისკაცების უსაფრთხოება. ჩემთვის გაუგებარი და აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი სხვა თემის წამოწევა. არ მესმის რა კავშირიშია ტერაქტებთან ჩვენი ელჩების დანიშვნა-არდანიშვნა. ამიტომ ჯერ დავსხდეთ, ვილაპარაკოთ იმაზე, რაც აქტუალურია, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს ჯარისკაცებს და ქვეყანას საფრთხე არ ემუქრება და შემდეგ ვისაუბროთ ნებისმიერ სხვა თემებზე. გნებავთ ელჩებზე, გნებავთ ბუღალტრებზე და გნებავთ მარქშეიდერებზე, მაგრამ დღევანდელი დღის თემა არის და უნდა იყოს, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჯარისკაცები ნებისმიერი მოსალოდნელი პროვოკაციისგან", - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ წუთებში მიმდინარეობს.