უვადო ხელშეკრულებების საკითხი ბიზნესწრეების და პოლიტიკაში ბიზნესიდან მოსული დეპუტატების უკმაყოფილებას ისევ იწვევს

უვადო ხელშეკრულებების საკითხი ბიზნესწრეების და პოლიტიკაში ბიზნესიდან მოსული დეპუტატების უკმაყოფილებას ისევ იწვევს

უვადო ხელშეკრულებების დადების საკითხი ბიზნესწრეების და პოლიტიკაში ბიზნესიდან მოსული დეპუტატების უკმაყოფილებას ისევ იწვევს. 

იმის მიუხედავად, რომ "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი უვადო ხელშეკრულებებთან მიმართებაში დამსაქმებელთა ინტერესების გათვალისწინებით და მათ სასარგებლოდ რამდენჯერმე შეიცვალა, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელმა სხდომამ ცხადჰყო, ისინი კვლავ უკმაყოფილონი არიან და მმართველი გუნდისგან დამატებით კომპრომისს ითხოვენ.

ბოლო ცვლილებებით, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტს დღეს წარედგინა, შრომით კანონმდებლობაში ე.წ. დამწყები საწარმოს ფაქტორი შემოდის და ახლადშექმნილი კომპანიებისთვის ვადიან შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, პირველი ოთხი წლის განმავლობაში განსხავავებული რეჟიმი იმოქმედებს. კერძოდ, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ვადიანი ხელშეკრულების დადების მხრივ პროექტით განსაზღვრული შეზღუდვები მათზე არ გავრცელდება. ამასთან, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ განმარტა, კანონს უკუქმედების ძალა არ ექნება და ის უკვე შექმნილ კომპანიებზე არ გავრცელდება.

ეს არ მოსწონს ფრაქცია "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების" თავმჯდომარეს კახა ოქრიაშვილს, რომელიც ითხოვს, რომ ოთხწლიანი ვადა არამხოლოდ დამწყებ, არამედ ამჟამად მოქმედ კომპანიებზეც გავრცელდეს. დეპუტატი, რომელიც მიიჩნევს, რომ "სადღეისოდ მოქმედი კოდექსი მშვენიერია, ერთ-ორი მუხლის გამოკლებით", ამტკიცებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმებაც არსებობდა.

ოქრიაშვილის პოზიცია კატეგორიულად მიუღებელია ალექსანდრე ბარამიძისთვის, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ თუკი ადამიანი ოთხი წლის განვლობაში მუშაობს, დროსა და სივრცეში მომხდარ ფაქტებს კანონი ვერ წაშლის. შესაბამისად, ბარამიძე აცხადებს, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში დასაქმებულებთან უვადო ხელშეკრულება უნდა დაიდოს.

უვადო ხელშეკრულებების საკითხი, რამდენიმე კომპრომისული ნაბიჯის მიუხედავად, მაინც არ მოსწონთ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს. საკომიტეტო განხილვისას რამდენჯერმე აღინიშნა, რომ შრომით ურთიერთობებში უვადო ხელშეკრულებების დადების შემოტანა, უმუშევრობას გაზრდის და დამსაქმებლები დასაქმებულებს სამსახურიდან დაითხოვს.