თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი "ზიანის შემცირების საერთაშორისო კონფერენციაში" მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვილნიუსში "ზიანის შემცირების საერთაშორისო კონფერენციაში" მონაწილეობს. იუსტიციის სამინისტროს 

პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა წულუკიანმა კონფერენციაზე იმ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეიმუშავა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ახალი მთავრობა მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელთა მიხედვითაც, ნარკომომხმარებელი განიხილება არა კრიმინალად, არამედ დაავადებულ პირად, რომელსაც დახმარება სჭირდება. აღნიშნულ ინიციატივას კონფერენციის მონაწილე 600-ზე მეტი წევრი მთელი მსოფლიოდან დადებითად შეხვდა.

თეა წულუკიანის თქმით, საქართველო გეგმავს, გააძლიეროს პრევენციული ღონისძიებები, იმუშაოს მართლშეგნების ამაღლებაზე, რათა დაიცვას ახალი თაობა ნარკოტიკებისგან, უკვე ამ სენით დაავადებულთ დახმარება აღმოუჩინოს, ხოლო ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა და სანქციები კიდევ უფრო გაამკაცროს.

ლიტვაში "ზიანის შემცირების საერთაშორისო კონფერენცია" ორი დღეა მიმდინარეობს. მას 600-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, ასევე, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი ადამიანები ესწრებიან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კონფერენციის იმ სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც "ნარკოპოლიტიკა: ღია დიალოგი" ჰქვია.

ამავე სესიაში მონაწილეობდა შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი რუთ დრეიფუსი და აივ ინფექციისა და შიდსის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მიშელ კაზაჩკინი.

რუთ დრეიფუსის შეფასებით, თუკი საქართველოს ეყოფა გამბედაობა, რომ ნარკომომხმარებელთა წინააღმდეგ ციხის სასჯელი აღარ გამოიყენოს, ეს მას უამრავი პრობლემისგან გაათავისუფლებს.

"არ უნდა შეგვაშინოს იმაზე ფიქრმა, რომ ნარკომომხმარებლების რიცხვი გაიზრდება, თუ მათ ციხეში არ ჩავსვამთ, რადგან ეს ტყუილია. ისინი, უბრალოდ, სარდაფებიდან ამოვლენ - ეს არის და ეს. დამერწმუნეთ, ნარკომომხმარებელს, რომელსაც დაჭერის ეშინია, უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე იმას, რომელსაც ამის არ ეშინია. ამას ჩემი ქვეყნის მაგალითზე გეუბნებით", - განაცხადა დრეიფუსმა.

შიდსის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მიშელ კაზაჩკინის შეფასებით, საქართველოს მოუწევს, მოახდინოს დეპენალიზაცია ნარკომომხმარებლისათვის, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც ნარკომომხმარებლებს კრიმინალებად განიხილავენ, ბევრად უფრო მეტი პრობლემაა.
"მომხმარებლის ციხეში ჩასმა არ არის ეფექტიანი გზა, ეფექტიანი გზა პორტუგალიის, შვედეთის გზაა, სადაც მოხდა დეპენალიზაცია და იქ კატასტროფის ნაცვლად ვითარება გაჯანსაღდა. დეპენალიზაცია დაეხმარება უამრავ ადამიანს, მიიღოს დახმარება, რომელიც სჭირდება. სახელმწიფომ ამ დახმარებაზე უარი არ უნდა უთხრას თავის მოქალაქეებს და ისინი არ უნდა გამოკეტოს ციხეში როგორც პრობლემა, რომლის თავიდან მოცილებაც სურს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დეპენალიზაცია მოგცემთ საშუალებას, შეამციროთ ქვეყანაში იმ დაავადებათა რიცხვი, რომლებიც ნარკომომხმარებლებში ასე გავრცელებულია, ვგულისხმობ C ჰეპატიტს, აივ ინფექციას და სხვა," - აღნიშნა კაზაჩკინმა.
ვილნიუსის კონფერენციის მუშაობაში საქართველოდან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეც მონაწილეობდა. მისი შეფასებით, ზიანის შემცირების საკითხებში ეს არის ყველაზე მაღალი რანგის კონფერენცია, სადაც საქართველო წელს პირველად არ იმყოფება თავის მართლების რეჟიმში. "ჩვენ წარვადგინეთ რეფორმა, რომელმაც მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვა", - აღნიშნა თალაკვაძემ.
ვილნიუსის "ზიანის შემცირების კონფერენცია" დღეს დაიხურება.