გიორგი მარგველაშვილი:  თუ ვინმეს აქვს საკამათო, რომ უნივერსიტეტს უნდა მართავდეს აკადემიური ხარისხის მქონე პირი, მეკამათოს

გიორგი მარგველაშვილი: თუ ვინმეს აქვს საკამათო, რომ უნივერსიტეტს უნდა მართავდეს აკადემიური ხარისხის მქონე პირი, მეკამათოს

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები სავარაუდოდ თსუ-ს რექტორს ალექსნადრე კვიტაშვილსაც შეეხება, - ამის შესახებ განცხადება განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან გააკეთა. 

მისი თქმით, პარლამეტში დღეს წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, უნივერსიტეტის რექტორი უნდა იყოს აკადემიური ხარისხის მატარებელი.

"დღეს შევიდა ინიციატივა პარლამენტში; რამდენიმე ჩასწორება არის კონკრეტულად უნივერისტეტის მენეჯმენტთან მიმართებაში - როგორი იქნება ხელფასები, ფული რეალურად უნდა წავიდეს პროფესურაზე და, ბუნებრივია, რომ უნივერსიტეტის რექტორი უნდა იყოს აკადემიური ხარისხის მატარებელი. ეს არანაირად არ არის კავშირში კონკრეტულად ვინმესთან. აკადემიური ხარისხის მატარებელი პირი უნდა აირჩიოს უნივერსიტეტმა. ვისაც არ გააჩნია აკადემიური ხარისხი, მას ეს შეეხება, მათ შორის სანდრო კვიტაშვილს სავარაუდოდ შეეხება. მე პირადად, არ შემისწავლია და არ გამომითხოვია მისი საკითხი. ჩვენ ვაყალიბებთ ზოგად ჩარჩოს, თუ ვინმეს მსოფლიოში აქვს ამაზე საკამათო, რომ უნივერსიტეტს უნდა მართავდეს აკადემიური ხარისხის მქონე პირი, მეკამათოს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ოპოზციის მხრიდან დღეს გამოთქმული მოსაზრებები არის პოლიტიკურად მოტივირებული. როგორც მარგველაშვილი აცხადებს, საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით არ იგეგმება რომელიმე რექტორის მოხსნა ან დანიშვნა და რექტორის არჩევა მოხდება კანონის შესაბამისად, პროფესურის და აკადემიური საბჭოს მიერ. ამ მხრივ განათლების შესახებ კანონში ცვლილება არ იგეგმება.

"ჩვეულებრივი ტექნიკური დეტალები საპრეზიდენტო ნომინაციიდან გამომდინარე არის პოლიტიკური ინსენუაციების საგანი. ეს არის ელემენტარული ისტერია, რომელიც არის ერთდღიანი. ყველა რექტორი ირჩევა აკადემიური საბჭოს მიერ და არის სრული აკადემიური თავისუფლება. ნაწილი, რომლის გამუქებაც ახლა ხდება, თავიდან ბოლომდე დაკავშირებულია გარდამავალ პერიოდთან, თუმცა ზუსტად იგივე ფორმატით იყო ეს მანამდე კანონში. ეს არ ეხება მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ არც ერთ რექტორთან არ ვცვლით ურთიერთობას. ის, რომ ვიღაც ნიშნავს რექტორებს, ეს არის ტყუილი. თუ ვიღაცას კვალიფიკაციის პრობლემა აქვ, სხვა საკითხია, ვისაც არ აქვს შესაბამისი განათლება, ეს ხვა თემა და ვინმე ვიღაცას ხსნის ან ნიშნავს, ეს სხვა თემაა. რექტორის არჩევა ხდება უნივერისტეტის პროფესორების მიერ და გარდამავალ პერიოდში, ეს მანამდეც ასე იყო, მას ნიშნავს მთავრობა", - განაცხადა მარგველაშვილმა.