გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა ერთ-ერთმა სტუდენტმა პროტესტის ნიშნად დატოვა

გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა ერთ-ერთმა სტუდენტმა პროტესტის ნიშნად დატოვა

განათლების მინისტრთან შეხვედრისას ერთ-ერთმა სტუდენტმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა. თუმცა, სანამ სტუდენტი შეხვედრას დატოვებდა , მან მინისტრს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. ერთ-ერთი შეკითხვა საქართველოზე რუსული კულტურის გავლენას ეხებოდა. 

"თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ქართული კულტურა მოვიდა ორენოვანი გადმონაშთით და ჯეკ ლონდონი წაიკითხეთ რუსულად. რატომ ფიქრობთ, რომ ქართული კულტურა ორენოვანი გადმონაშთით მოვიდა? - იკითხა საქართველოს უნივერისტეტის სტუდენტმა ბექა ექსეულიძემ.

სტუდენტის პასუხად მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო მისი ნათქვამის არასწორი ციტირება და მას არ უთქვამს ქართულ კულტურაზე, რომ ის ორენოვანი გადმონაშთია.

"თქვენ, მგონი არასწორად მოახდინეთ ჩემი ნათქვამის ციტირება. მე არ მითქვამს ქართულ კულტურაზე, რომ ორენოვანი გადმონაშთია. მიმაჩნია, რომ ენასთან და კულტურასთან ბრძოლა არასწორია. კულტურასთან ბრძოლა პოლიტიკური წაგების წინაპირობაა. რუსული ენა იყო ქართული ყოფის ნაწილი, აქედან გამომდინარე, ესეც მნიშვნელოვანია იცოდეთ და საჭიროა რეალობისთვის თვალის გასწორება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

სტუდენტის პროტესტი გამოიწვია მარგველაშვილის შეკითხვამ - იცნობდა თუ არა ის ალექსანდრე ყაზბეგის, ვაჟას, ილიას და "ცისფერყანწელების" მოღვაწეობის პერიოდს. ეს შეკითხვა ბექა ექსეულიძემ დაცინვად მიიღო და შეხვედრა დატოვა.

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტუდენტის კითხვა იყო პოლიტიკურად მოტივირებული, მისი საპრეზიდენტო კანდიდატურობიდან გამომდინარე.