ირაკლი კორძაია:   გარდაცვლილი დავით ჭ. სამკურნალო დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით გადაიყვანეს

ირაკლი კორძაია: გარდაცვლილი დავით ჭ. სამკურნალო დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით გადაიყვანეს

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, გარდაცვლილი დავით ჭ. ხონის სამკურნალო დაწესებულებაში არა სასჯელაღსრულების, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით გადაიყვანეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი კორძაიამ განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს კომისია წყვეტს ესაჭიროება თუ არა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა ამა თუ იმ პატიმარს.

მისი განმარტებით, თუ კი პატიმარს მკურნალობა სპეციფიკურ სამკურნალო დაწესებულებაში ესაჭიროება, მისი გადაყვანის გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტრო იღებს და პატიმარს პაციენტის სტატუსი გააჩნია.

"სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, ასეთ ადამიანს, რომელიც უკვე არა მსჯავრდებულად, არამედ პაციენტად ითვლება, 6 თვეში ერთხელ უტარდება ექსპერტიზა. თუ მდგომარეობა გაუმჯობესებული იქნება, ადამიანს აბრუნებენ სასჯელაღსრულების სისტემაში. კონკრეტულად გარდაცვლილი დავით ჭ. ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტიზის შედეგად იმყოფებოდა ჯანდაცვის სისტემაში გადაყვანილი, ამიტომ ის არ ირიცხება ჩვენთან", - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

ხონის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი, 35 წლის დავით ჭ. გარდაიცვალა. იგი ხონში გლდანის #8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს.

გარდაცვლილის ახლობლები გლდანის დაწესებულების ექიმებსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის დამ განუცხადა, ხონის დაწესებულებაში პატიმრის გადაყვანა არ შეიძლებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაითვალისწინეს.
მისივე თქმით, პატიმრის მკურნალობა მხოლოდ ხუდადოვზე და ქსნის დაწესებულებაში იყო შესაძლებელი, რაც გლდანის დაწესებულების ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა.

"ხონის კლინიკის დირექტორი დაგვპირდა, რომ პატიმრის მდგომარეობის სიმძიმის გამო, ისეთ ფორმას გააკეთებდა, რომ სასამართლო საჭირო აღარ იქნებოდა და პირდაპირ გადააგზავნიდნენ თბილისში, თუმცა ჩემი ძმა ამ გადაწყვეტილებამდე დაიღუპა", - აცხადებს გარდაცვლილის და.

მისი თქმით, პატიმარი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მისი ტრანსპორტირებაც საფრთხეს შეიცავდა.

"სოზარ სუბარის სახელზე დაწერილი განცხადების პასუხი ჯერ კიდევ არ მოგვსვლია. განცხადებაში მინისტრს მივწერეთ, რომ პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაშია და დაგვხმარებოდა, მისი ქსნის ან ხუდადოვის კლინიკაში გადაყვანაში. ციხეებში ჯერ კიდევ არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორც ჩვენ გვგონია. ადამიანის სიცოცხლე წამებს და წუთებს ითვლის. ამ მთავრობას ეს არ უნდა ეშლებოდეს. პატიმრებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. მეგონა რაღაც სამართალი არსებობდა", - განაცხადა გარდაცვლილის დამ.