"ზურაბ ადეიშვილი პრემიერიც იყო და პრეზიდენტიც და ეს ეპოქა დასრულდა"

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი პრემიერიც იყო და პრეზიდენტიც და ეს ეპოქა დასრულდა”.

სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ მინისტრმა ლიტვურ სააგენტო BNS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

წულუკიანი ლიტველ ჟურნალისტს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და იუსტიციის სისტემის რეფორმაზე ესაუბრა.

"პოლიტიკოსის ან მაღალი თანამდებობის პირის სტატუსი სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავის არიდების იმუნიტეტი არ უნდა გახდეს. სისხლისსამართლებრივი დევნა კი შეიძლება, დაიწყოს როგორც ყოფილი, ისე მოქმედი ჩინოსნების მიმართ", - განაცხადა მინისტრმა და ამის მაგალითად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება მოიყვანა.

მინისტრის თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალას რთული მემკვიდრეობა დახვდა - კორუფცია მმართველ გუნდში და პოლიტიზებული პროკურატურა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურაში პირდაპირ შედიოდა;

"ჩვენ ე.წ. ზურაბ ადეიშვილის ეპოქა არ მოგვწონდა. მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის ქვეყნის პრემიერი და პრეზიდენტიც კი იყო. ეს ეპოქა დასრულდა", −- განაცხადა წულუკიანმა.

საუბარი შეეხო აგრეთვე, ლიტველი ბიზნესმენის ვაიტკა ბიჩიუსის დაკავებას.

იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ ლიტველი ბიზნესმენის დაკავებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სტანდარტი დაცული იყო.

"მას მიეცა ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის, ადვოკატისა და თარჯიმნის ყოლის უფლება. დღეს ბიზნესმენი თავისუფალია და ყველა პირობა აქვს, საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს", - განაცხადა წულუკიანმა.