"სხდომაზე კონკრეტულ საკითხებზე სასაუბროდ მივდივართ ის მინისტრები, ვისაც ეს საკითხი პირდაპირ ეხება"

საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და უშიშროების საბჭოს წევრებთან ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს.

ამის შესახებ ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"მე ამ სხდომას დავესწრები, რადგან მე მაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა უშიშროების საბჭოს წევრებთან და პირადად პრეზიდენტთან. ეს ეხება არა მარტო ელჩების დანიშვნის საკითხს, არამედ მთელ რიგ საკითხებს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ეხება. მე იმედს გამოვთქვამ, რომ მე ამ შეკითხვებზე, რომლითაც სხდომაზე მივდივარ, პასუხებს მივიღებ, რადგან მიმაჩნია, რომ სხვაგვარად სხდომის ჩატარებას აზრი ეკარგება. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ის ამ და სხვა საკითხებით არის დაკავებული მუდმივად. იგი ქმედით ღონისძიებებს ატარებს ყველა მიმართულებით, რომელიც არის სახელმწიფოს ინტერესში, ხოლო ამ კონკრეტულ საკითხებზე სასაუბროდ მივდივართ ის მინისტრები, ვისაც ეს საკითხი პირდაპირ ეხება. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც მე დღეს მექნება, ეს არის ელჩების საკითხი. საუბარია არა მხოლოდ თედო ჯაფარიძეზე, არამედ კიდევ სამ ელჩზე, რომლის კანდიდატურაც პრეზიდენტთან უკვე სამი თვეა, შესულია. მაინტერესებს რატომ ვერ ხერხდება ამ საკითხის დაძვრა", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებ, რომ დღეს 18:00 საათზე უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება.