უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შესაძლოა, უფლებამოსილება შეუწყდეთ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შესაძლოა, უფლებამოსილება შეუწყდეთ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შესაძლოა, უფლებამოსილება შეუწყდეთ. ამის შესაძლებლობა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში დგება. 

პარლამენტში დღეს ინიცირებული კანონპროექტის ერთ-ერთი არსი სწორედ ის არის, რომ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობის დაკავებისთვის კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება შეუწყდეთ.

როგორც დღეს პარლამენტში შემოსული კანონპროექტის განმარტებით ნაწილშია ნათქვამი, დღეს რექტორის მიმართ წაყენებულია მინიმალური აკადემიური მოთხოვნები. ამავდროულად ადგილი აქვს აკადემიურ ნონსენსს, რადგან სტუდენტი იმავდროულად შეიძლება იყოს პროფესორიც და უფრო მეტიც, პროფესორთა კორპუსის ხელმძღვანელიც.

კანონპროექტის მიზანია ქართულ აკადემიურ სივრცეში სათავე დაუდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა მოწყობის ისეთ სისტემას, რომლის პირობებში შესაძლებელი იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ფინანსური ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპების რეალურად განხორციელება.

"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს მთავრობა ხელმძღვანელის პირველი არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე დანიშნავს.

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, რომელიც მისი დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.