ბარნოვი მთავრობას და პრემიერს მოუწოდებს,

ბარნოვი მთავრობას და პრემიერს მოუწოდებს, "ჭორაობას თავი დაანებონ და გამოძიების შედეგები დადონ"

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, "ვიდეო-კადრებთან დაკავშირებით ჭორაობას თავი დაანებონ და გამოძიების შედეგები დადონ".

ასე გამოეხმაურა ბარნოვი დღეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, "ყველამ კარგად იცის, ვისი ხელწერაა, ეს ვიდეო-კლიპები და ვინ არის მათი დამზადებით დაკავებული".

"ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ვიდეოებზე სწრაფი გამოძიება ჩატარებულიყო, ეს საათების ამბავია, თუმცა ამის სანაცვლოდ, გრძელდება ჭორაობა, რომელიც გუშინ მთავრობამ დაიწყო და დღეს პრემიერმა გააგრძელა. გუშინ ვსაუბრობდით კოკა ყანდიაშვილზე და დღეს იგივეს პრემიერ-მინისტრი აკეთებს. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ზუსტად ასეთივე ხერხით დაადანაშაულა პრემიერმა "ნაციონალური მოძრაობა" ფარესაშვილის ამბავზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ სწორედ მისი გუნდის გაკეთებული იყო. აქვე გეტყვით, რომ ამ ამბავში დამნაშავე ხვედელიძე ქვეყნიდან გააპარეს ისე, რომ ერთი დღეც კი არ გაუტარებია საპატიმროში. ახლაც ასეა, როგორც ჩანს, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისთვის საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა წესად იქცა", - განაცხადა ბარნოვმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, რომ თუ პრემიერი მხოლოდ ჭორაობით არ არის დაკავებული და მას რაიმე ინფორმაცია აქვს, უშიშროების საბჭოს სხდომამდე გაავრცელოს.

"ვიდეოების ავტორები ქვეყნის დასავლური კურსის შემობრუნებას ისახავდნენ მიზნად. მათი განეიტრალება, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. მოვუწოდებ მთავრობას, დაანებონ თავი ჭორაობას და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოიქცნენ", - აღნიშნა ბარნოვმა.