"ვიდეოკლიპებთან დაკავშირებით გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ", - რიჩარდ ნორლანდი

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შემაშფოთებელს უწოდებს თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეორგოლებს.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ აშშ-ის მთავრობასა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს ვიდეოკლიპების წარმოშობის დადგენაში დახმარების თხოვნით მიმართა.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ Youtube-ზე, თალიბანის სახელით გამოქვეყნდა სააგიტაციო ვიდეოკლიპი TALIBAN JIHAD AGAINST GEORGIAN TROOPS IN AFGHANISTAN. კლიპში, ავღანეთში ქართული სამხედრო კონტიგენტის წევრებს ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან. ვიდეოში ნაჩვენებია დაჭრილი და მოკლული ქართველი ჯარისკაცები, მას ტექსტი ადევს, რომლის მიხედვით, ასეთივე ბედი ეწევა ყველა ქართველ ჯარისკაცს, რომელიც ავღანეთში ერთმორწმუნე მუსლიმების წინააღმდეგ იბრძვის. ვიდეოში მუქარა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაც ისმის. ვიდეოში მითითებულია, რომ მის წინააღმდეგ თალიბანი შურს საქართველოში იძიებს.

ვიდეოკლიპებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.