მუქარის შემცველ ვიდეორგოლებთან დაკავშირებით შესაძლოა, კომიტეტის დახურული სხდომა გაიმართოს

მუქარის შემცველ ვიდეორგოლებთან დაკავშირებით შესაძლოა, კომიტეტის დახურული სხდომა გაიმართოს

მუქარის შემცველი ვიდეორგოლებთან დაკავშირებით პარლამენტში შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მიიწვიონ. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშრების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, გაიმართოს კომიტეტის დახურული სხდომა და მოწვეულ იქნენ ის პირები, რომლებიც ჩართულები არიან გამოძიების პროცესში.

აღნიშნული წინადადება სესიაშვილმა მას შემდეგ დააყენა, რაც გიორგი ბარამიძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.

სესიაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიაზე ფიქრი ნაჩქარევი იქნება, რადგან გამოძიება ტექნიკურ საკითხებს უკავშირდება და გამოძიების პროცესშიც ჩართულები არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები.

"კომიტეტის დახურული სხდომა ჩავატაროთ. მოვიწვიოთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ის პირები, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში და მათგან მივიღოთ ინფორმაცია გამოძიების შესახებ. გადაწყვეტილებებიც ამის შემდეგ მივიღოთ", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე აზრით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საკითხი ტექნიკური ხასიათის არის, დროებითი საგამოძიებო კომისია გამოძიებას ბევრს ვერაფერს შემატებს.

ამ საკითხს და ოპოზიციის ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. დავით უსუფაშვილის თქმით, ვინც არ უნდა იყოს ამ ვიდეორგოლების გავრცელების უკან და როგორი თანამდებობის პირებიც არ უნდა იყვნენ, მნიშვნელობა არ აქვს და საკითხის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიც არის. სესიაშვილის წინადადება მან მოიწონა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია უნდა არსებობდეს.

მუქარის შემცველი ორი ვიდეორგოლი 6 ივნისს Youtube-ის მეშვეობით გავრცელდა. ავტორი "თალიბანის" სახელით საუბრობს, ქართველ სამხედროებს ჯვაროსნებად მოიხსენიებს და ავღანეთის მისიაში მათი მონაწილეობის გამო შურისძიებით იმუქრება. მუქარა მიმართულია როგორც ქართველი ჯარისკაცების, ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მოსახლეობის მიმართ.