უმცირესობა მუქარის შემცველი ვიდეორგოლების წარმომავლობის დადგენაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

უმცირესობა მუქარის შემცველი ვიდეორგოლების წარმომავლობის დადგენაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა მუქარის შემცველი ვიდეორგოლების წარმომავლობის დადგენაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. 

ამასთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ვიდეორგოლები მუქარის და საფრთხის შემცველია.

ამასთან, ბარამიძის თქმით, დიდი ალბათობით ვიდეორგოლები არა მხოლოდ საქართველოშია ატვირთული, არამედ საქართველოშია დამზადებული.

გიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ ამ ვიდეორგოლების უკან მაღალი თანამდებობის პირები იდგნენ, რის გამოც, საგამოძიებო ორგანოები შესაძლოა, რაიმე წინააღმდეგობას წააწყდნენ.
აქედან გამომდინარე, ბარამიძე გამოვიდა ინიციატივით, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას და ამ საკითხის შესწავლა ობიექტურად მოხდეს.

6 ივნისს, Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი ავღანეთში თითოეულ ქართველს ელოდება და ასევე მათ, ვინც ისინი ავღანეთის მიწაზე გაგზავნა. "ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი, ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების მოსაკლავად. ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ყოველდღე ჰელმანდში საშინელი სიკვდილით კვდებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც Youtube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირებულ მომხმარებელ Hammad Zaman-ს ეკუთვნის.