დავით უსუფაშვილი:   გავრცელებული ვიდეორგოლების გამოძიების პროცესში წინსვლაა

დავით უსუფაშვილი: გავრცელებული ვიდეორგოლების გამოძიების პროცესში წინსვლაა

მუქარის შემცველი ვიდეორგოლების წარმომავლობის დადგენაზე მიმდინარე გამოძიების პროცესში წინასვლაა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ის დღეს დილით შინაგან საქმეთა მინისტრს ესაუბრა, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან მან თავი შეიკავა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, გავრცელებულ ვიდეორგოლებთან დაკავშირებით და იმის დასადგენად თუ ვის მიერ არის ისინი გავრცელებული და რა მიზანს ემსახურება, გამოძიება მიმდინარეობს.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, გამოძიება მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობს იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებსაც ტერორიზმთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვთ.

"როგორც მინისტრმა ბრძანა, გამოძიების პროცესში არის წინსვლა. პარლამენტი ამ პროცესს დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს. მსგავსი მოვლენები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, ვის მიერაც არ უნდა იყოს გაკეთებული", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მუქარის შემცველი ორი ვიდეორგოლი 6 ივნისს Youtube-ის მეშვეობით გავრცელდა. ავტორი "თალიბანის" სახელით საუბრობს, ქართველ სამხედროებს ჯვაროსნებად მოიხსენიებს და ავღანეთის მისიაში მათი მონაწილეობის გამო ჯიჰადის შურისძიებით იმუქრება. მუქარა მიმართულია როგორც ქართველი ჯარისკაცების, ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მოსახლეობის მიმართ.