რუსულ ბაზარზე ქართული ალკოჰოლური სასმელის პირველი პარტია დღეს გაიგზავნა

რუსულ ბაზარზე ქართული ალკოჰოლური სასმელის პირველი პარტია დღეს გაიგზავნა

რუსულ ბაზარზე ქართული ალკოჰოლური სასმელის პირველი პარტია დღეს გაიგზავნა.

ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა დღეს რადიო "კომერსანტის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსულ ბაზარზე დღეს "კახური ტრადიციული მეურნეობის" მიერ წარმოებული 20 000 ბოთლი კონიაკი გაიგზავნა. აღნიშნულ კომპანიას შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა. უახლოეს დღეებში რუსულ ბაზარზე გასატანად "დუგლაძის ღვინის კომპანიის" პროდუქცია მზადდება, რომელსაც რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისთვის სააგენტოს მიერ სერთიფიკატი უკვე გადაეცა.

"ამ კვირაში პირველად 2006 წლის ემბარგოს შემდეგ საექსპორტო სერთიფიკატები და დოკუმენტები ქართულ ალკოჰოლურ პროდუქციაზე გაიცა. ამით პრაქტიკულად ემბარგო დასრულდა. ამ კვირის განმავლობაში, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ დაახლოებით 15 ალკოჰოლური სასმელების კომპანია ელოდება რუსულ ბაზარზე ექსპორტს", - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, ქართული ალკოჰოლური სასმელები რუსულ ბაზარზე საშუალო და მაღალ სეგმენტში განთავსდება და მათი ღირებულება 300-დან 400 რუბლამდე იქნება.

რაც შეეხება კონიაკის დახლზე გამოჩენის საკითხს, ტრანსპორტირების, განბაჟების, დასაწყობების და ზოგადად ლოჯისტიკურ პროცედურებს დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.

ლევან დავითაშვილი ვარაუდობს, რომ ზაფხულის განმავლობაში რუსულ ბაზარზე 2 მილიონამდე ბოთლი ალკოჰოლური სასმელის გატანა მოხდება. საერთო ჯამში, რუსულ ბაზარზე გასასვლელად 65 ქართული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ემზადება.