„ქართული ოცნება“ თბილისის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნება“ თბილისის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებაში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-თბილისელების’’ თავმჯდომარე ქალაქის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტების მიზანმიმართულად შეჩერებაში ამხელს. როგორც რადიო ,,კომერსანტთან’’ გულიკო ზუმბაძე აცხადებს, თბილისის ათივე რაიონისთვის ბიუჯეტში 15 მილიონზე მეტია გამოყოფილი. თუმცა, ამ დროისთვის მერიას მხოლოდ მილიონ 200 ათასი ლარი თუ ექნება დახარჯული. ზუმბაძის განცხადებით, ასეთი ქმედებით მერია ახალი ხელისუფლების პირობებში მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს და სამუშაოების დაწყებას საპრეზიდენტო არჩევნებამდე აყოვნებს.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლის განცხადებას არ ეთანხმება და არასერიოზულად მიიჩნევს საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი თამაზ შოშიაშვილი. როგორც შოშიაშვილი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეჩერებულა და ავარიული შენობების რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტში თანხები გაიზარდა. მისი თქმით, ტენდერები გამოცხადებულია, თუმცა, პროცესებს აჭიანურებს ის ფაქტი, რომ გამარჯვებული კომპანიები ხშირად ვალდებულებებს ვერ ასრულებენ და მერიას ტენდერების გამოცხადება მეორედ უწევს. საკრებულოს წევრის ცნობით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის ბიუჯეტში 130 მილიონი, ხოლო ავარიული შენობების გამაგრება-აღდგენაზე 44 მილიონი ლარია გამოყოფილი.