რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეს კაბინეტში შესვლა ალტერნატიული კარებიდან მოუწევს

რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეს კაბინეტში შესვლა ალტერნატიული კარებიდან მოუწევს

პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეს საკუთარ კაბინეტში შესვლა დღეს ალტერნატიული კარებიდან მოუწევს. პარლამენტის თანამშრომლებმა და მუშებმა უკვე გადაკეტეს ის დერეფანი, სადაც წყალმა გაჟონა და ჭერი ჩამოინგრა.

შემთხვევა მოხდა ნული სართულის იმ დერეფანში, სადაც ჯანდაცვის, აგრარული, გარემოს დაცვისა და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეების კაბინეტებია განთავსებული.

როგორც "იტერპრესნიუსს" პარლამენტის აპარატის უფროსმა, ზურაბ მარაქველიძემ განუცხადა, შემთხვევის გამო კომიტეტების თავმჯდომარეებს სამუშაო პროცესი არ შეუფერხდებათ, თუმცა გარკვეული დისკომფორტი შეექმნებათ, რადგან თავიანთ კაბინეტებში შესვლა ალტერნატიული კარიდან მოუწევთ. მარაქველიძე წუხანდელი შემთხვევის სავარაუდო მიზეზად მიიჩნევს უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებს ან მილის უხარისხობას, რომელიც დაზიანდა და გასკდა.

მუშებმა პარლამენტის შენობა უკვე დატოვეს, დღეიდან კი გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

ჭერის ჩამონგრევის შედეგად არსებულ ვითარებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ადგილზე უკვე გაეცნო. მან შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, რის შემდეგაც შენობა დატოვა.
ქუთაისში, პარლამენტის შენობის ნაწილში ჭერი წუხელ ჩამოინგრა. როგორც შემთხვევის ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , შენობის ნული სართულის ერთ-ერთ მონაკვეთზე ჭერის ჩამონგრევის მიზეზად სახანძრო მილის დაზიანება სახელდება.