პარლამენტი პრეზიდენტის მიერ კიდევ ერთ ვეტოდადებულ კანონპროექტზე მსჯელობას დღეს დაიწყებს. ამჯერად დღის წესრიგში პარლამენტის მიერ მიღებული "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები დგას, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა ხელი არ მოაწერა და კანონმდებლებს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა. პრეზიდენტის შეთავაზებებზე დღეს ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, შემდეგ კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის მიბრუნებული შენიშვნები ორ ძირითად საკითხს - კანონპროექტის რიგი მუხლების ძალაში შესვლის ვადებსა და დაცვის მხარესთან დაკავშირებულ უფლებებს ეხება.
პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ჩხრეკა-ამოღების თაობაზე დაცვის მხარისთვის მინიჭებულ უფლებასთან დაკავშირებული მუხლი 2014 წლის 1-ელი სექტემბრის ნაცვლად, ერთი წლით ადრე - მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდეს.
პრეზიდენტის კიდევ ერთი შენიშვნა მტკიცებულებათა საკითხს ეხება. კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, 2014 წლის 1 სექტემბრიდან უქმდება "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ჩადებული, დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება, რომლის თანახმადაც, დაცვის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას არ იწვევს.
პრეზიდენტი საკუთარ მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, რომ მან არასამთავრობო ორგანიზაციების და ადვოკატთა ასოციაციის მოსაზრებები გაითვალისწინა.