პარლამენტში ისევ სახანძრო მილი გასკდა

პარლამენტში ისევ სახანძრო მილი გასკდა

ქუთაისში, პარლამენტის შენობის ნულ სართულზე, ჭერში განთავსებული სახანძრო მილი გასკდა, რის გამოც, დერეფნის პერიმეტრი წყლით დაიფარა.  

როგორც for.ge-ს საპარლამენტო კორესპოდენტი იტყობინება, ნულ სართულზე, სახანძრო მილი გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის კაბინეტების გასწვრივ გასკდა, რის შედეგადაც, დაზიანებულია ჭერი. კერძოდ, დერეფნის დაახლოებით 10 მეტრის სიგრძეზე ჭერი ჩამოვარდა.

ინციდენტი for.ge-ს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ზურაბ მარაქველიძემაც დაუდასტურა და განუცხადა, რომ დაზიანდა სახანძრო მილი.

ამ წუთებში, პარლამენტში შესაბამის სამუშაოებს მუშები აწარმოებენ.

ამას გარდა, დღეს, ქუთაისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ შესასვლელში წვიმაც ჩავიდა, რაც პირველი შემთხვევა არ არის.

შეგახსენებთ, რომ სახანძრო მილი 360 მილიონ ლარიან პარლამენტში პირველად არ დაზიანებილა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში, ბიუროსთვის განკუთვნილ კაბინეტში, ჭერში დამონტაჟებული სახანძო მილი გასკდა, რის გამოც, კაბინეტი დაიტბორა და დაზიანდა, როგორც მაგიდა, ასევე თეთრი სავარძლები და აპარატურა. მოგვიანებით დეპუტატები ბიუროს სხდომებს საკომიტეტო მოსმენებისთვის განკუთვნილ მეოთხე დარბაზში ატარებდნენ, თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, კომპანიამ მაგიდის ნაწილი იტალიიდან გამოიწერა და კანონმდებლები საქართველოს დროშის ფერებში გადაწყვეტილ ბიუროს დარბაზს დაუბრუნდნენ.