გივი თარგამაძე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

გივი თარგამაძე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე Youtube-ზე მუქარის შემცველი ვიდეობის წარმომავლობის დასადგენად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. 

როგორც გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიდეოების წარმომავლობის გამოძიება დაუსაბუთებლად დიდხანს გაიწელა.

"კლიპების წარმომავლობა, რომლებშიც არის პირდაპირი მოწოდება ქართველი სამხედრობის განადგურების, მშვიდობიანი მოსახელობის განადგურების, მათი წარმომავლობის, გამოძიება დაუსაბუთებლად დიდხანს გაიწელა. ჩვენ არ ვართ ციდან ჩამოვარდნილი ხალხი, გვქონდა ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან, აქედან გამომდინარე ვიცით, რომ გამოძიებას სჭირდება გაცილებით ნაკლები დრო, ამას ადასტურებს ყველა ექსპერტი. გვაქვს სამწუხარო პრეცედენტები, იგივე ხვედელიძესთან დაკავშირებით. პრეცედენტი იყო, რომ გამოძიება გაიწელა იქამდე, სანამ ეს ადამიანი არ გაამგზავრეს საზღვარგარეთ, სანამ არ დაალაგეს სიტუაცია, როგორც თავად აწყობდათ, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ღია საუბარი", – აცხადებს თარგამაძე.
მისივე თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამოძიება მიდის არასასურველი მიმართულებით.

"გამოძიებას არ ვენდობი და მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და პარლამენტში დეპუტატებმა გამოვიძიოთ ეს საკითხი საფუძვლიანად, ეს სირთულეს არ წარმოადგენს", – განაცხადა გივი თარგამაძემ.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას, Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი ავღანეთში თითოეულ ქართველს ელოდება და ასევე მათ, ვინც ისინი ავღანეთის მიწაზე გაგზავნა. "ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი, ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების მოსაკლავად. ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ყოველდღე ჰელმანდში საშინელი სიკვდილით კვდებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც Youtube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირებულ მომხმარებელ Hammad Zaman-ს ეკუთვნის.