"თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოს ავტორი გიორგი არველაძის გუნდის წევრია"

გაზეთი "ვერსიის" ცნობით, "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოს ავტორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, უფრო კონკრეტულად კი გიორგი არველაძის გუნდის წევრია.

აღნიშნულ ინფორმაცია კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, გაზეთი "ვერსია" ავრცელებს.

"სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოსაზრებით, კლიპის "შემკვეთი" შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" "სტაფია". ამ ცნობას "ვერსიის" კონფიდენციალური წყაროც ადასტურებს, რომლის თქმითაც, Hammad Zaman პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, უფრო კონკრეტულად, გიორგი არველაძის "კამანდის" წევრია", - ნათქვამია სტატიაში.

გაზეთის წყაროს ინფორმაციით, შს სამინისტრომ Hammad Zaman-ის ნამდვილი ვინაობა უკვე დაადგინა და youtube-ზე სკანდალური ვიდეოს გამავრცელებელს მალე დააკავებს.

"წყაროს თქმით, ძალოვნებმა Hammad Zaman, როგორც მოწმე, უკვე დაკითხეს და როგორც მას განუცხადებია, ვიდეოს გავრცელების იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა ტელევიზიით 26 მაისს, ავღანეთში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ამსახველი კადრები ნახა", - ნათქვამია სტატიაში.

კულუარული ვერსიითვე, Hammad Zaman მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ვიდეოს დამზადებისა და სოციალურ ქსელში გავრცელების დეტალები გაასაჯაროოს.