პრემიერი უშიშროების საბჭოზე დასწრების გადაწყვეტილებას სხდომის ზუსტი თარიღის გამოცხადების შემდეგ მიიღებს

პრემიერი უშიშროების საბჭოზე დასწრების გადაწყვეტილებას სხდომის ზუსტი თარიღის გამოცხადების შემდეგ მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრების გადაწყვეტილებას სხდომის ზუსტი თარიღის გამოცხადების შემდეგ მიიღებს , - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. 

განცხადების თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ კანონის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი იწვევს და სხდომის დანიშვნის ზუსტი დრო სწორედ მისი გადასაწყვეტია.

"ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრი თბილისში იმყოფება ორშაბათს და სამშაბათს და მხოლოდ ზუსტი თარიღის გამოცხადების შემდეგ მიიღებს სხდომაზე დასწრების ან არდასწრების გადაწყვეტილებას", - აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის გადაწყვეტილებაში.

საქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომას იწვევს, თუმცა, თარიღზე შეთანხმებას პრემიერ-მინისტრის აპარატს სთავაზობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უშიშროების საბჭოდან აცნობეს, სხდომის მთავარი განსახილველი საკითხები ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები იქნება.

"ავღანეთში ქართული შენაერთის მიმართ განხორციელებული თავდასხმის, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს", - აღნიშნულია უშიშროების საბჭოს განცხადებაში.
აპარატის ინფორმაციით, პრეზიდენტი მზადაა, ზუსტი თარიღი, პრემიერ-მინისტრის აპარატთან შეთანხმების შესაბამისად, ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს დანიშნოს.