"შტეფან ფულემ პირდაპირ მითხრა, თქვენს ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მეც ზუსტად იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდიო"

შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ალბათ, ოცნებობდენ, რომ 17 მაისს პოლიციას კონტრდემონსტრანტები დაერბია".

ამის შესახებ შს მინისტრმა გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში 17 მაისს რუსთველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

"დიახ, მოვისმინე კონკრეტული შეფასებები, რომ 17 მაისს პოლიციამ ვერ უზრუნველყო სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. პირდაპირ მინდა, ვთქვა, რომ ეს არასერიოზული შეფასებებია, რომლებიც პოლიციის, შს სამინისტროსა და პირადად ჩემი, როგორც მინისტრის, დისკრედიტაციისთვისაა გამიზნული. 17 მაისი წინა დღეებში ჩვენ პერმანენტული კომუნიკაცია გვქონდა ორივე მხარესთან - ლგბტ აქციის ინიციატორ ორგანიზაცია "იდენტობასა" და კონტრდემონსტრანტებთან, რათა მაქსიმალურად უზრუნველგვეყო ორივე მხარის უსაფრთხოება. ჩვენ გვქონდა ინფრომაცია, რომ ლგბტ საზოგადოების საწინააღმდეგო აქციაზე, მაქსიმუმ, 5 000-მდე ადამიანი აპირებდა მისვლას, მაგრამ მოხდა ისე, რომ 5 000 ნაცვლად ჩვენ მივიღეთ დაახლოებით, 40 000 კონტრდემონსტრანტი და 300-მდე სასულიერო პირი, რომლის კონტრდემონსტრაციას წინ მოუძღოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა თითოეული პოლიციელის ძალიან ორგანიზებული და ეფექტური მოქმედება, ადვილი წარმოსადგენია, რომ 17 მაისს რუსთველის გამზირზე სისხლის დაიღვრებოდა. დიახ, ჩვენ მაქსიმალურად დავიცავით ორივე აქციის მონაწილეთა უსაფრთხეობა, მაქსიმალურად დავაშორეთ ისინი ერთმანეთს და დავარწმუნეთ "იდენტობის" წარმომადგენლები და კონტრდემონსტრანტებიც, რომ არ შეიძლებოდა, მათი შეკრება ერთსა და იმავე ადგილას. მეტრო "თავისუფლების მოედნიდან" გავაკეთეთ კორიდორი, რათა "იდენტობის" წარმომადგენლები უსაფრთხოდ მისულიყვნენ აქციაზე და აგრეთვე უსაფრთხო მისასვლელი გავაკეთეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის. მოვაწყვეთ პარკინგი და უზრუნველვყავით ავტობუსების მობილიზება, რათა ინციდენტის შემთხვევაში მოგვესწრო ლგბტ საზოგადოების ევაკუაცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შს მინისტრის თქმით, იგი 17 მაისს თავისუფლების მოედანზე პირადად იმყოფებოდა და პოლიცის დანაყოფებს უშუალოდ ხელმძღვანელობდა.

"პოლიციელებს მითითებებს უშუალოდ მე ვაძლევდი, როგორ უნდა ემოქმედათ. პირადად მე მივიღე ის გადაწყვეტილებაც, რომ სიტუაციის უკიდურესად დაძაბვის კვალდაკვალ ლგბტ აქციის მონაწილეთა ავტობუსებში ჩასხმა და ევაკუაცია მომხდარიყო. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, ჩვენი სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც მაღალ დონეზე მოახერხეს ტერიტორიიდან ლგბტ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოდ გაყვანა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, "შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მას ორი გამოსავალი ჰქონდა".

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ალბათ, ოცნებობდენ, რომ 17 მაისს პოლიციას კონტრდემონსტრანტები დაერბია. ვინ უნდა დაგვერბია? 300 მოძღვარი, მრევლი და 40 000 ჩვენი თანამოქალაქე?! არსებობდა მეორე ალტერნატივა – მომხდარიყო "იდენტობის" 40-მდე წარმომადგენლის უსაფრთხო ევაკუაცია აქციის ადგილიდან. ეს იყო ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება და მე ეს გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შს მინისტრი სრულ აბსურდს უწოდებს იმ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს პოლიციელებმა კონტრდემონსტრანტებს კორიდორი სპეციალურად გაუხსნეს.

"ახლახანს მქონდა ვიზიტი ბრიუსელში და 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ევროპელ პოლიტიკოსებს ღიად ვესაუბრე, რომლებსაც ამ თემაზე არანაირი კითხვა არ დარჩათ. ევროკომისარმა შტეფან ფულემ პირდაპირ მითხრა, თქვენს ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მეც ზუსტად იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდიო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.