ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ვიდეოების განმთავსებლის ვინაობა რამდენიმე დღეში გაირკვევა

ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ვიდეოების განმთავსებლის ვინაობა რამდენიმე დღეში გაირკვევა

შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ "თალიბანის" სახელით გავრცელებული კლიპის ინტერნეტში განმთავსებლის ვინაობა რამდენიმე დღეში გაირკვევა.

ამის შესახებ შს მინისტრმა გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების მიმართ და მთელ საქართველოს მივუსამძიმრო, რადგან ეს მართლაც ჩვენი ქვეყნისა და ერის ტრაგედიაა. რაც შეეხება მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელებას, შსს ამ საქმეს აქტიურად იძიებს და ჩვენი მიზანია დავადგინოთ, საიდან მოხდა ამ კლიპის ატვირთვა ინტერნეტში. არსებობს ამ ვიდეოს წარმომავლობის არაერთი ვერსია და გამოძიების დასრულებამდე ცალსახად არ შემიძლია, იმის თქმა, იგი მართლა "თალიბების" მიერაა გავრცელებული, თუ არა. ბევრი ურთიერთგამომრიცხავი გარემოება გამოიკვეთა. გამოძიებაში აქტიურად გვეხმარება ჩვენი უცხოელი პარტნიორები და იმედი მაქვს, რომ რამდენიმე დღეში გავარკვევთ, ეს კლიპი საიდან აიტვირთა ინტერნეტში და არის თუ არა მართლაც "თალიბების" დამზადებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება "თალიბანის" სახელით გავრცელებულ ვიდეორგოლში გაჟღერებულ მუქარას, რომლის თანახმადაც, "თალიბები" საქართველოში ჩამოსვლითა და აქ ტერაქტების მოწყობით იმუქრებიან, შს მინისტრი საქართველოს მოსახლეობას დამშვიდებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ "არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს".

"მე არ ვადასტურებ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტებია მოსალოდნელი. სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა დაცული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, "თალიბების" გაღიზიანება იმ კადრებმა ხომ არ გამოიწვია, რომლიც ეთერში გავიდა და სადაც ავღანეთში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ჯარისკაცებს ეკითხებოდა, თუ ვინ რამდენი ტერორისტი მოკლა, შს მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირი ჯარისკაცებს ასეთ რამეს არ უნდა ეკითხებოდეს და ამგვარი საუბრების ტირაჟირება ტელევიზიების მიერ დაუშვებელია.

"ბუნებრივია, ქვყენის პირველი პირი ჯარისკაცებს არ უნდა ეკითხებოდეს, რამდენი ტერორისტი მოკალითო, როცა იცის, რომ ამას ტელეკამერები იღებენ და მითუმეტეს, ტელევიზების მიერ ასეთი საუბრების ტირაჟირება, ყოვლად დაუშვებელია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.